მეორე დღეა ქვეყანა ცეცხლის ალშია გახვეული - საქართველოს ტყეები სტიქიური უბედურების ზონაა.
ცეცხლი უკიდია ტყეებს აფხაზეთის 4 რაიონში, სამეგრელოს 3 მუნიციპლაიტეტში, იმერეთის 2 მუნიციპალიტეტში, ცაგერში, რკონის ხეობას და ახლა უკვე რაჭაშიც.
ავიაცია უკვე ჩაერთო ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში რკონის ხეობასა და რაჭაში. თავის მხრივ, დაიწვა ოკუპირებულ აფახაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახლები და თხილის ნარგავები, რაც მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ხანძრები - ზამთრის პერიოდიდან გამომდინარე - ბუნებრივად არ გაჩენილა.
"უჩვეულოა ხანძარი ამ პერიოდში. მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება, როგორც ადგილობრივი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. გარდა ამისა, მოსახლეობა უნდა იყოს კარგად მობილიზებული", - ამბობს "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე.
მათივე აზრით, ცეცხლი მოსახლეობის დაუდევრობას უკავშირდება.
"როგორც წესი, ამ პერიოდში ხანძარი ჩნდება იმის გამო, რომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შემდეგ ნარჩენებს წვავენ და უყურაღებოდ ტოვებენ კოცონს", - ამბობს დარგის სპეციალისტი.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს გამოძიება დაწყებული აქვს ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებისა და წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში ხანძრების მუხლით. უცნობია, განიხილავენ თუ არა სამართალდამცველები დივერსიის შემთხვევას, თუმცა არაა გამორიცხული, კონკრეტულ ჯგუფთა ინტერესში იყოს საქართველოს ტყეების განადგურება.