პანდემიამ საშობაო ტრადიცია შეცვალა, თუმცა ზიარების წესი ვერა - რეგულაციები ტაძრებში

გამოქვეყნდა:

საშობაო წირვამდე რამდენიმე საათით ადრე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სასულიერო პირების ტესტირება ჩატარდა. მთელი დღის განმავლობაში კოვიდ 19-ზე მოწმდებოდნენ მონაზვნები და ყველა ის სასულიერო პირები, ვინც საშობაო წირვაზე დასწრებას გეგმავდა. პანდემიის გამო წელს პირველად ტარდება საშობაო წირვა მკაცრი რეგულაციებით.

საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარშიც შეზღუდვების ფონზე ჩატარდება. პირბადეები და დისტანციის დაცვა მრევლისთვის მთავარი მოთხოვნა იქნება. 

11 საათზე წირვას მისი უწმინდესობა დაიწყებს, სადღესასწაულო მსახურებამდე ჯერ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს წაიკითხავენ. წირვის ბოლოს კი ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართავს.

ტაძრებში შეზღუდვები იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით. წირვის წესი ყველა ტაძარში უცვლელი დარჩება თუმცა სტიქაროსნები გააკონტროლებენ რომ მრევლს დაცული ჰქონდეთ დისტანცია. მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ წირვას ღია ცის ქვეშ ეკლესიების ეზოშიც დაესწრონ. მსახურების დასასრულს კი სასულიერო პირები მრევლს აზიარებენ. ზიარების წესი კოვიდ პანდემიამ ვერ შეცვალა მრევლს ისევ ერთი კოვზით აზიარებენ. 

პანდემიამ შობის დღესასწაულისთვის მხოლოდ ალილოს ტრადიცია შეცვალა. წელს მრევლის მონაწილეობით საყოველთაო მსვლელობა ქუჩებში აღარ მოეწყობა, მხოლოდ სასულიერო პირები მოივლიან ქალაქს მანქანებით და მიულოცავენ მართლმადიდებელ მრევლს შობის დღესასწაულს. 

შემოწირულობა კი რომელიც შესაძლოა შობის დღესასწაულზე შეგროვდეს ბავშვთა სახლებს მოხუცთა თავშესაფრებსა და საპატიმროებს გადაეცემათ.

საშობაო წირვა ტაძრებში გამთენიისას დასრულდება. დღეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის გამო გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება და მრევლი მისვლას ტაძრებში თავისუფლად შეძლებს. თუმცა ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ურჩევენ ხალხმრავლობისგან თავი შეიკავონ.   

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი