გორში, უპოვართა სასადილო უკვე მეექვსე თვეა დაკეტილია. ობიექტი, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანებისთვის თავის გადასარჩენად ერთადერთი ხსნა იყო, სურსათის უვნებლობის სამსახურმა კორონაპანდემიის პირველი ტალღის დროს დახურა.
უპოვართა სასადილო ათენისა და გორის ეპარქიის ბაზაზე იყო გახსნილი. მეუფე ანდრიას რეზიდენციაში ვერ აზუსტებენ, როდის დაიწყებს სასადილო კვლავ ფუნქციონირებას. აქ "მთავარს" პროცესის შეფერხების მიზეზად კორონაპანდემიას უსახელებენ. შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ადგილობრივ მერიას აკისრებს. ისინი თვლიან, რომ ეპარქიის სასადილოს დახურვის შემდეგ, მოწყვლად ჯგუფებზე სწორედ ხელისუფლებას უნდა ეზრუნა.
გორის მერი ბრალდებებს არ პასუხობს. მასთან დაკავშირებას დილიდან უშედეგოდ ვცდილობდით. კონსტანტინე თავზარაშვილი "ოცნების" ის ჩინოვნიკია, რომელსაც ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ხშირად ადანაშაულებენ. თავზარაშვილმა წინასაარჩევნოდ ხალხის ფული, 130 ათასი ლარი საახალწლო განათებებში დახარჯა, საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდაში მიმდინარე წლის ბიუჯეტში 300 ათასი ლარი გაითვალისწინა, ადამიანები კი რომლებიც შიმშილობენ უბრალოდ დაივიწყა.