ბუკნარში პოლიციის კორდონი გაარღვიეს - დაპირისპირების ორი კერა სოფელში

გამოქვეყნდა:

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში დაძაბულობაა - ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სოფელში დაპირისპირების ორი კერა არსებობდა, სხვადასხვა ადგილას შეკრებილი იყვნენ ქრისტიანები და მუსლიმები. 

გუბერნატორთან მუსლიმი თემის წარმომადგენელთა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, მათ გუბერნატორ ნასარაიას შეთავაზებები არ მოეწონათ, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სოფლის ცენტრისკენ გაემართნენ, სადაც ქრისტიანი მლოცველები არიან შეკრებილი. 

"მთავარის" ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლის ცენტრში ერთმანეთის პირისპირ დგას ქრისტიანული მრევლი და მუსლიმი თემი, თუმცა, მათ შორის პოლიციის კორდონია. მუსლიმები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. 

კონფლიქტი კი ადგილობრივ მუსლიმურ და ქრისტიან მოსახლეობას შორის უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. მუსლიმი თემი სალოცავს ითხოვს, რასაც დანარჩენები ეწინააღმდეგებიან. ქრისტიანები ამბობენ, რომ ამ სოფელში მეჩეთის აშენება არ სურთ, რადგან "ლანჩხუთის სამ სოფელში მათ (მუსლიმებს) აქვთ სალოცავები" . 

ბუკნარში მუსლიმები მეჩეთის აშენებას 2007 წლიდან ითხოვენ. 

შეგახსენებთ, ხელჩართული ჩხუბი და ქვების სროლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მოხდა. ჩხუბის მიზეზი ერთერთი ადგილობრივის სახლში ლოცვაზე მუსლიმების შეკრება იყო.  

დაპირისპირების შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით შსს-მ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი