ორად გაყოფილი ბუკნარი და სახიფათო პროცესები, რომელზეც ხელისუფლება დუმს 

გამოქვეყნდა:

ბუკნარში სოფლის ორ ნაწილად გაყოფილი მოსახლეობა ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდა. ისლამის მიმდევრებსა და ადგილობრივ ქრისტიანებს შორის კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე გრძელდება. მუსლიმთა თემს მეჩეთის აშენება სურს, ადგილობრივი ქრისტიანები კი მათ სალოცავის მოწყობის უფლებას არ აძლევენ. საპასუხოდ, ისლამის მიმდევრები ამბობენ, რომ ლოცვის უფლება ყველას აქვს და საკუთარი რელიგიური მრწამსის დასაცავად უკვე ქუჩიდან იბრძვიან.

სოფელში ახლა ქრისტიანული მრევლი და მუსლიმთა თემი ერთმანეთის პირისპირ დგას. მათ მხოლოდ პოლიციელების ცოცხალი ჯაჭვი ჰყოფს, თუმცა ანგარიშსწორების სურვილით მოტივირებული თანასოფლელები უკან დახევას არ აპირებენ.

საპირისპიროს ამტკიცებს ქრისტიანული მრევლი, სადაც კონფლიქტის პროვოცირებაში ისლამის მიმდევრებს ადანაშაულებენ. ამტკიცებენ, რომ სალოცავი სივრცეები მუსლიმებს ისედაც აქვთ და თემის პრეტენზიები მათთვის მიუღებელია. 

ვიდრე ქრისტიანული მრევლი, როგორც თავად ამტკიცებენ, ქრისტიანულ მიწას იცავდნენ, მუსლიმები ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვდნენ. გუბერნატორი სამართალდამცველთა კორდონში მოქცეულ ისლამის მიმდევრებთან მართლაც მივიდა და განაცხადა, რომ მისი მიზანი არა მედიისთვის კომენტარის მიცემა, არამედ კონფლიქტის დარეგულირება იყო, თუმცა ვერც ერთი გააკეთა და ვერც მეორე.

ბუკნარში საგანგებოდ ჩავიდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. თუმცა წესრიგზე ზრუნვის ნაცვლად პოლიციის მაღალჩინოსნებმა ისლამის მიმდევრებს უსაყვედურეს, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის არსებულ კონფლიქტზე აქამდე არაფერი იცოდნენ.

ხელისუფლება ვალდებულია ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი, თანაბარ პირობებში ჩააყენოს, თუმცა საქართველოში მაინც სხვა რეალობა რჩება, დომინანტი - ქრისტიანული სარწმუნოებაა, თემის წარმომადგენლების უფლებები კი ირღვევა და ეს ტენდენცია წლების განმავლობაში არ იცვლება - ასეთია სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების პოზიცია.

სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, ადამიანის უფლებების დასაცავად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ნინო ლომჯარია აპირებს, რომ ბუკნარში განვითარებული პროცესები პირად კონტროლზე აიყვანოს და სამართალწარმოების პროცესს დააკვირდეს.

ვიდრე ქართული ოცნება დუმს და სტრატეგიის შემუშავებას არ ჩქარობს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ქვეყანაში საშიშ პროცესებზე საუბრობენ. ფიქრობენ, რომ ხელისუფლების უმოქმედობა ქრისტიანობის სახელით მებრძოლ მრევლს ძალადობისკენ ახალისებს.

ბუკნარში მუსლიმები მეჩეთის აშენებას წლებია ითხოვენ. სალოცავი სივრცის არარსებობის გამო ისლამის მიმდევრები პარასკევს ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში შეიკრიბნენ.  

რელიგიურ კონფესიებს შორის დაპირისპირების მიზეზიც მუსლიმთა საკულტო ნაგებობა და პარასკევის ლოცვა გახდა. ანგარიშსწორების შედეგად დაშავდა სამი მუსლიმი, რომლებიც ჩოხატაურის კლინიკაში მკურნალობენ. შსს-მ კი ძალადობისთვის ერთი ადამიანი დააკავა.

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი