მაჟორიტარის "კაცური სიტყვა" - ბუკნარში ხვალინდელ შეხვედრისთვის ემზადებიან

გამოქვეყნდა:

დიდი შერიგება სოფელ ბუკნარში ხვალ შედგება. ორდღიანი პროტესტის შემდეგ დაძაბულობა რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატის კაცურმა სიტყვამ განმუხტა. ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურის გამგეობასთან შეკრებილებს საჯაროდ დაპირდა რომ მათი ყველა მოთხოვნა შესრულდება. აქცია სწორედ ამ პირობის მიღების შემდეგ დაიშალა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები ახლა გაფართოებული შეხვედრისთვის ემზადებიან.

ხვალ შეხვედრა მუსლიმთა ლოცვის შემდეგ გაიმართება. ამაზე პასუხისმგებლობა რეგიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა აიღო. სწორედ ვასილ ჩიგოგიძე იქნება სახელმწიფოს წარმომადგენელი დაგეგმილ მოლაპარაკებაზე, ისიც და შეხვედრის სხვა მონაწილეებიც დარწმუნებულები არიან რომ სამომავლო სიმშვიდისთვის ხვალინდელი შეთანხმება მნიშვნელოვანია. აქციის მონაწილეებს სურთ რომ მეტი სანდოობისთვის შეხვედრა საჯარო იყოს.

შეხვედრა სოფელ ბუკნარში სავარაუდოდ აქციის ფონზე ჩაივლის. ადგილობრივების მხარდასაჭერად მუსლიმი თემის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონიდან დღეს ჩოხატაურშიც იყვნენ ჩასულები. ისინი ამტკიცებენ, რომ რელიგიური კონფლიქტები საქართველოში ბევრ ადგილასაა გაღვივებული, თუმცა სახელმწიფო უმცირესობის დასაცავად არაფერს აკეთებს.

სოფელ ბუკნარში მომხდარი დაპირისპირების შეფასებას მუსლიმი თემის წარმომადგენლები 2 დღეა საქართველის მუფთისგან ითხოვენ. ადამ შანთაძე ჩოხატაურის გამგეობასთან დღეს გამოჩნდა, თუმცა მისმა პოზიციამ სიტუაცია ადგილზე უფრო დაძაბა. აქციის მონაწილეები მუფთის მიერ ადგილობრივი ხელისუფლების ქებამ გააღიზიანა.

სოფელ ბუკნარში განვითარებულ პროცესებს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!” და “კოალიცია თანასწორობისთვის”.

არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან რომ საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა. მათივე შეფასებით სახელმწიფო არღვევს თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ლახავს არადომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებებსა და უთანასწორო დამოკიდებულებას ავლენს განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანების მიმართ. 

სოფელ ბუკნარში სიტუაცია ორი დღის წინ დაიძაბა, როცა მართლმადიდებელი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მუსლიმები სოფელში მეჩეთის აშენებას ითხოვენ. რასაც ადგილობრივი მართლმადიდებლები ეწინააღმდეგებიან.  

პრობლემა წლებია არსებობს  კონფლიქტის მოგვარების გასაღები ახლა იმ ადამიანების ხელშია ვინც ხვალინდელ შეხვედრას დაესწრება. სწორედ ხვალ გადაწყდება რამდენად შეძლებენ სოფელ ბუკნარის მაცხოვრებლები ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდად ლოცვასა და ცხოვრებას.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი