აჭარის მთავრობა ხელოვნურ მზეს ეძებს - 1 600 ათასად ტენდერიც გამოცხადებულია. მზემ ბათუმის სტადიონზე ბალახი უნდა ამოიყვანოს, თუმცა სანამ მზეს ვიპოვიდეთ სტადიონი ოფიციალურად პრემიერმინისტრმა გახსნა, იქ ბურთიც გაგორდა და ამისთვის ბიუჯეტიდან 150 მილიონიც დაიხარჯა...
აჭარელი გულშემატკივარი მართლაც ოცნებობდა, რომ ბათუმის დინამოს - ბათუმში ეთამაშა, მაგრამ 150 მილიონიანი სტადიონის ბალახი ზუსტად 2 მატჩის შემდეგ გაფუჭდა.
სტადიონი ვადაზე ადრე წინასაარჩევნოდ ოფიციალურადაც გახსნეს, ორ მატჩსაც უმასპინძლეს და როცა მესამე თამაშის ჯერი დადგა ბათუმის დინამომ სანატრელი სტადიონიდან ისევ ანგისას ბაზაზე გადაინაცვლა. მიზეზი - 157 მილიონიან სტადიონზე ბალახი განადგურდა.
აჭარის მთავრობა ფაქტის წინაშეა, ან მზე უნდა იყიდოს ან ბალახი ვერ გაიზრდება. სტადიონის მშენებლობისას არ გაითვალისწინეს მდებარეობა, რომ მზის სხივები ერთნაირად ხვდებოდეს მინდვრის საფარს.
სტადიონი ნახევრად დახურული ტიპის კონსტრუქციისა. გამართულად არ ფუნქციონირებს დრენაჟი და საჰაერო სისტემა, რაც გაზონს ნესტიან ქალაქში გამოუსადეგარს ხდის. სამშენებლო ლაფსუსები ერთადერთ გამოსავალს გვიტოვებს, მზიან ბათუმში ვეძებოთ ხელოვნური მზე.
დღეს აჭარის პროექტების მართვის კომპანია გზადაგზა ხვდება რომ ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გამორჩათ, საფეხბურთო სტადიონზე - ბალახის საფარი.
ხელოვნური მზე საქმეს საბოლოოდ ვერ გამოასწორებს. ორი დღის წინ სტადიონზე უკრაინიდან რამდენიმე კვირის წინ ნაყიდი საფარის გამოცვლაც დაიწყეს.
როგორც გავარკვიეთ, თბილისის დინამოზე ზუსტად იგივე კომპანიიდან ჩამოტანილი და იმავე ჯიშის ბალახის საფარია. 2011 წლის შემდეგ დღემდე ბალახი სტანდარტებს აკმაყოფილებს და არც თამაშის დროს შექმნიათ ფეხბურთელებს პრობლემა.
შეძლებს თუ არა როდესმე ბათუმის დინამო ამ სტადიონზე თამაშს, კიდევ რა პრობლემები გაჩნდება და რამდენი მილიონი დაიხარჯება ეს ჯერ არ ვიცით.
როდის დაიწყო და რა კორუფციულ გზებს მიმართა აჭარის მთავრობამ:
2014 წელი. ტენდერში ესპანურმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელსაც საქართველოში არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. მათ შორისაა : ანბანის კოშკი ბათუმში და საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში. 2015 წელი - ხელშეკრულება გაუქმდა. მიზეზად აჭარის მთავრობამ კონტრაქტორის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. ესპანური კომპანია კი ზეწოლასა და კორუფციაზე საუბრობდა.
საქმე სასამართლომდე მივიდა. მას შემდეგ 5 წელი გავიდა და სასამართლო დავა კიდევ მიმდინარეობს.
2017 წელს ტენდერში ხელისუფლების ერთერთი შემომწირველი სამშენებლო კომპანია "ანაგი" იმარჯვებს. 20 000 ადამიანზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა სატენდერო პირობების მიხედვით 99 მილიონი ლარი უნდა დამჯდარიყო, ბიუჯეტმა უკვე დახარჯა 150 მილიონ ლარზე მეტი.