გელათის სახურავი ჩაინგრა - ექსპერიმენტები გრძელდება, ხელისუფლება და საპატრიარქო დუმს

გამოქვეყნდა:

ვინ არის დამნაშავე საქართველოს უნიკალური ისტორიული ძეგლის განადგურებაში ამაზე გელათის ტაძრის მოძღვარი პირდაპირ არ საუბრობს, თუმცა ამბობს რომ ის ვერც ამქვეყნიურ და ვერც იმქვეყნიურ სასჯელს ვერ აცდება. 

უნიკალური ძეგლის განადგურებაზე დღეს საუბარი არ უნდა მიტროპოლიტ ქუთათელ გაენათელს, რომელსაც გელათის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის დროს საკუთარი პოზიცია არასოდეს გამოუხატავს. ის როგორც წესი მმართველი პარტიისა და ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებებით შემოიფარგლება. 

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძარი დღეს განადგურების საფრთხის წინაშე ყველაზე რეალურად დადგა. თუნუქის დროებითმა კონსტრუქციამ რომლითაც ტაძარი გადახურეს უხვ ნალექს და თოვლს ვერ გაუძლო და ნაწილი ჩაინგრა. ზიანდება უნიკალური ძეგლიც და ფრესკებიც.

უკვე 8 წელია უნიკალური ძეგლის რეკონსტრუქცია დაიწყო. ტაძარი ჯერ ბრეზენტით გადახურეს რითიც ფრესკებს დასველების და განადგურების საფრთხე შეუქმნეს. ექსპერტებისა და ძეგლთა დაცვის სპეციალისტების მიერ ხმაურის ატეხვის შემდეგ ბრეზენტი თუნუქით შეცვალეს, თუმცა უშედეგოდ. თოვლი და ნალექი ვერც ამ დროებითმა კონსტრუქციამ ვერ შეაჩერა. 

დღეს ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, რომლის მიმართაც ყველაზე მეტი პრეტენზიაა, გვიმტკიცებს რომ გამოსავალი იმ კომპანიის შეცვლაა რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა.

ორი კომპანია, რომელიც მანამდე მუშაობდა მესამეთი ჩაანაცვლეს და ახლა ამ მესამემ დაშვებული შეცდომები უნდა გამოასწოროს, თუმცა როგორ და რა ფასად, არ გვეუბნება. 

ძეგლთა დაცვის სააგენტოს ყოფილი დირექტორი ამტკიცებს რომ ვერც ეს მესამე კომაპნია ვერაფერს გააკეთებს. მეტიც, ნიკა ვაჩეიშვილი დარწმუნებულია რომ საქართველოში დღეს შესაბამისი სპეციალისტი არ არსებობს რომელიც თითქმის განადგურებულ გელათს გადაარჩენს.

ის რომ გელათი დაღუპვის პირას არის და ის რომ ამაში ხელისუფლებაა დამნაშავე ეჭვი არ ეპარებათ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც უკვე წლებია ქართულ ოცნებასა და კულტურის სამინისტროს გელათის მიმართულებით გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ. ამბობენ რომ ივანიშვილის მთავრობა ისტორიაში ისტორიის გამანადგურებლის სახელით შევა. 

გელათის რეაბილიტაციის პროექტი ერთერთი პირველი იყო რომელიც ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პომპეზურად დააანონსა. მას შემდეგ უნიკალური ძეგლი მეთოდურად და პერმანენტულად ნადგურდება. ტაძარი რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, ივანიშვილის მთავრობის უუნარობას ეწირება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი