"ევექსი ჰოსპიტლები", "ნიუ ჰოსპიტალსი", "მედალფა" და "ჯეოჰოსპიტალსი", „გორმედი სამედიცინო ცენტრი“, „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“, „კ.ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“ „სს ავერსის კლინიკა“ და სხვები, ჯამში 20-მდე კლინიკა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს სპეციალური წერილით მიმართავს და მასთან შეხვედრას ითხოვს. მიზეზი სამედიცინო სექტორის მძიმე ეკონომიკური კრიზისია.
"იმისათვის, რომ სამედიცინო სექტორმა გაუძლოს ამ ვითარებას და არ მოხდეს მისი სრული კოლაფსი, მოგმართავთ თხოვნით უახლოეს დღეებში მოხდეს შეხვედრა, სადაც ჩვენ ჩვენის მხრივ წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვებს თუ როგორ შეიძლება იქნას არიდებული თავიდან ის უმძიმესი მდგომარეობა და მისგან გამოწვეული ზიანები რომელიც უკვე გარდაუვალი ხდება "- წერია კლინიკების ხელმძღვანელების ერთობლივ წერილში.
წერილში საუბარია გახმაურებულ 520-ე დადგენილებაზეც, რომელიც ჯერ კიდევ კორონაპანდემიამდე ამოქმედდა და დიდი ზიანი მოუტანა კლინიკებს.
რაც შეეხება უშუალოდ პანდემიის პერიოდს, კლინიკების მენეჯმენტი წერს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, გაძვირდა სამედიცინო ტექნიკაც და მასალებიც. გარდა ამისა, მსოფლიოში შეიქმნა დეფიციტი სამედიცინო სახარჯ მასალებზე.
კლინიკების ხელმძღვანელები პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მძიმე ეკონომიკურ შედეგებზეც საუბრობენ და წერენ, რომ გაჭირდა ხელფასების გაცემა, ხოლო ტრანსპორტის აკრძალვის გამო, პერსონალის სამსახურში ტრანსპორტირება ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი კლინიკებისთვის დამატებითი ხარჯი გახდა.
სამედიცინო დაწესებულებებისთვის მძიმე დარტყმაა გაზრდილი კომუნალური გადასახადებიც.
ფასების მატებასთან ერთად, პანდემიის დაწყებისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, დაახლოებით 3 თვის მანძილზე სამედიცინო დაწესებულებებში მომართვიანობა კატასტროფულად იყო შემცირებული, შესაბამისად მნიშვნელოვნად შემცირდა შემოსავალი თუმცა არ შეწყვეტილა თანამშრომელთა ანაზღაურების გაცემა. ნოემბრიდან გეგმიური ქირურგიული ჩარევების დაფინანსების შეჩერებამ დამატებით გამოიწვია შემოსავლების კლება, რამაც კიდევ უფრო გაართულა კლინიკების მიერ მომწოდებლების დავალიანებების გასტუმრება, სახარჯი მასალის შეძენა და ადექვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა.
გამოცხადებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ყველა კლინიკა თვეში ათეულობით ათას ლარს ხარჯავს პერსონალის კლინიკებში ტრანსპორტირებაზე.
რამდენიმე დღის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ ახალი წლიდან კომუნალური გადასახადები ძვირდება (მათ შრის ელექტროენერგიის ტარიფი გაორმაგდა), რაც დამატებით უმძიმეს ტვირთად აწვება, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ დარგს. ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამო, სამედიცინო დაწესებულებების შემოსავლების მნიშვნელოვნად კლების მიუხედავად, აღნიშნული სექტორი 24 საათის განმავლობაში, სრული დატვირთვით აგრძელებს ფუნქციონირებას, რათა ზემოხსენებული გამოწვევის პირობებში მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა. უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირების გამო კი, კომუნალური გადასახადები, ტარიფის გაზრდამდეც, სოლიდურ ოდენობას წარმოადგენდა, ხოლო ტარიფის ცვლილების შემდგომ, ფაქტობრივად შეუძლებელია ამ მოცულობის ხარჯებთან გამკლავება.
ზემოთ ნახსენები პრობლემების ერთობლიობის გათვალისწინებით, სამედიცინო სექტორი ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია." ნათქვამია ტიკარაძისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც bm.ge ავრცელებს.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მძიმე მდგომარეობაზე "მთავართანაც" საუბრობენ. მათი თქმით, მინისტრთან შეხვედრის შემთხვევაში, შესთავაზებენ საკუთარ ხედვას, როგორ აირიდონ თავიდან დამატებითი დარტყმები.