დროებითი გადახურვის "გადახურვა" გელათში - წულუკიანი "ენმ"-ს ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

გელათი ისევ საფრთხეშია. თუნუქის ფირფიტებმა ვერც დიდთოვლობას და ვერც ძლიერ ქარს გაუძლო. საშიშროების მიუხედავად, დროებითი გადახურვის „გადახურვა“ გელათში დღის მეორე ნახევარში დაიწყო. მიზეზი სპეციალური ტექნიკის არარსებობა გახდა. არაპროფესიონალურად ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში ისევ წყალი ჩადის, ფრესკები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს, ახლა განადგურების ზღვარზეა. განმეორებითი სამუშაოები კი შესაძლოა უამინდობამ შეაფერხოს. თუ დასავლეთში ყინვა იქნება, კრამიტის დაზიანება და წყლის ჩაჟონვა გარდაუვალი გახდება.

გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „საქართველოს მემკვიდრეობამ დააპროექტა“, მშენებლობას კი იკორთა 2007 და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებდა. ხარვეზის გამოვლენის შემდეგ, ორივე კომპანია, რომლებმაც გელათი გადახურეს, დაჯარიმდა და ახლა მდგომარეობა კომპანია "ბაგინეთი პლუსმა" უნდა გამოასწოროს. თუმცა ამ ცვლილებაში 1 საეჭვო ნიუანსია, „საქართველოს მემკვიდრეობაც“ და „ბაგინეთი პლუსიც“, ანუ დამპროექტებელი და მშენებარე კომპანიები, ორივე, კახა ტრაპაიძის მფლობელობაშია.

ტრაპაიძე უარყოფს, თუმცა განსხვავებულს ამტკიცებს თორნიკე ბარათაშვილი. „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი ამტკიცებს,  რომ სამუშაოების ხარვეზებით განმახორციელებელი ახლა მასზე ნაკლებად კვალიფიციური კომპანიით ჩანაცვლდა.

არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოები გელათის ტაძარში თეა წულუკიანმა ყოფილ ხელისუფლებას იმ არგუმენტით დაუკავშირა, რომ რესტავრაციაზე პასუხისმგებელი ჯგუფი 2011 წელს შეიკრიბა, თუმცა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს სატელევიზიო ინტერვიუში ის დეტალი, რომ რემონტი ტაძარში 2013 წელს დაიწყო, აღარ უხსენებია.

თეა წულუკიანის რიტორიკა ოპოზიციაში არ გაკვირვებიათ. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ოპონენტების დევნის და დადანაშაულების ნაცვლად, ქართული ოცნება ახლა რთული მდგომარეობის გამოსწორებაზე უნდა ფიქრობდეს.

სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი თანხმდება, რომ პასუხისმგებლობის ტვირთი მხოლოდ კომპანიამ არ უნდა იკისროს. ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება პირად კონტროლზე უნდა აეყვანა და მუდმივი და ეფექტური მონიტორინგით საუკუნოვანი ტაძრის განადგურების საფრთხე თავიდან აეცილებინა.

გელათის სარესტავრაციო პროცესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ელოდება სახალხო დამცველი. ომბუდსმენი აპირებს რომ საკითხი პირადად შეისწავლოს.

ქართული ოცნება კი ამტკიცებს, რომ ხარვეზის დროული გამოსწორება მათი პრიორიტეტია. პარალელურად კი, როგორც გაირკვა, მმართველ გუნდში, მშენებელი კომპანიების და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების გარდა, ძეგლთა დაცვის სააგენტოს პასუხისმგებლობასაც ხედავენ.

თუ ძეგლთა დაცვის სააგენტოს თანამშრომლების პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, ისინი გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.

გულგრილობა, დაუდევრობა თუ მორიგი ფარული გარიგება ნეპოტიზმის სახელით - ვინ და რატომ დაუშვა შეცდომა გელათში - ამას ახლა გამოძიება არკვევს. თუ აუდიტის სამსახური, რომელიც ხვალიდან იწყებს სამუშაოების შემოწმებას, გადაცდომას დაადგენს, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი