მარნეულის სოფელ მეორე ქესალოში ერთმანეთს ადგილობრივი მოსახლეობა და პოლიცია დაუპირისპირდა - მიზეზი სასოფლო-სამეურნეო მიწებია. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მიწებს ვეღარ ამუშავებენ. მიზეზი ადგილობრივ მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან კონფლიქტია. გლეხებს მიწები გამგეობისგან იჯარით ჰქონდათ აღებული, ბოლო დროს კი მისი დამუშავების საშუალებას სასულიერო პირები არ აძლევენ და დამატებით გადასახადს სთხოვენ. ქესალოში კონკრეტულ თანხასაც ასახელებენ. ამბობენ, რომ მამა არსენი მათ ჰექტარში 500 ლარის გადახდას სთხოვს.
მამა არსენმა მთავარი არხის კამერასთან გამოჩენა დღეს არ ისურვა, არ უპასუხა ჩვენს სატელეფონო ზარებს და არც ეპარქიაში შეგვხვდა . საუბარზე უარი გვითხრა მას შემდეგ, რაც ავუხსენით, რომ გვსურდა გაგვერკვია, რატომ უკრძალავს მოსახლეობას მიწის დამუშავებას მაშინ, როდესაც ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაშია.
ერთი კვირის წინ დაწყებული დაპირისპირება დღესაც გაგრძელდა. მოსახლეობამ მიწის დამუშავება კვლავ განაახლა, თუმცა, პოლიციამ და მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ამის უფლება არ მისცა. როგორც სამართალდამცავები განმარტავენ, მიწა სახელმწიფოს საკუთრებაა და მოსახლეობამ თვითნებურად, უკანონოდ, არ უნდა დაამუშაოს. მათი გაფრთხილების მიუხედავად, ადგილობრივებმა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დღის ბოლომდე, პოლიციის თვალწინ გააგრძელეს.
მეორე ქესალოში წარმოქმნილ პრობლემებს ადამიანის უფლებათა ცენტრი შეისწავლის. როგორც თამთა მიქელაძე ამბობს, სახელმწიფომ თავიდან უნდა აირიდოს დაპირისპირების რელიგიურ ან კულტურულ ჭრილში გადატანა.
მოსახლეობა არ აპირებს დაემორჩილოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოწოდებას, რადგან ამტკიცებენ, რომ ყველა საბუთი წესრიგშია და მიწების დამუშავების სრული უფლება აქვთ. მიწების დამუშავებას ჩვეულ რეჟიმში ხვალ დილიდან განაახლებენ.