ბათუმის ბულვარის დასაცავად დღეს, 13:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება - ადგილობრივები ქალაქის მთავარ რეკრეაციულ ზონაში 16-სართულიანი სასტუმრო "ამბასადორის" მშენებლობას აპროტესტებენ.
ამასთან, ბათუმელები ამტკიცებენ, რომ ნებართვა უკანონოდაა გაცემული და მასში კორუფციულ გარიგებას ხედავენ.
"კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ შუა ბულვარში უსახური ნაგებობის აშენების ნება გასცა, რაც არღვევს ლანდშაფტს. ჩვენ ვიცით, რომ თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ გადათქვა დაპირება, რომელიც შარშან გასცა, რომ 4 სართულზე მაღალი შენობა არ აშენდებოდა", - ამბობს ალექსადნრე მილორავა.
"2020 წლის 4 იანვარს გვონდა აქცია და მოვითხოვეთ პირობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან, რომ აქ არ აშენდებოდა მაღალსართულიანი შენობა. დადო ეს პირობა, მაგრამ 1 წლის თავზე შენდება 16-სართულიანი სასტუმრო", - ამბობს ბაჩუკი ჩხეიძე
"ევროპული საქართველოს" წევრი, არმაზ ახვლედიანი, კი ფიქრობს, რომ "ბათუმის ბულვარის გაჩანაგება დანაშაულია საქართველოს წინაშე".
ცნობისთვის, ბულვარში პროექტს კომპანია შპს “ამბასადორ ბათუმი” ასრულებს. პროექტის თანახმად, შენობაში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრისა და სასტუმროს განთავსება იგეგმება.
ავტორი: თეა ვაშალომიძე