ტყვია, კადიუმი, დარიშხანი, სუდანი და აკრძალული პარაბენები - შხამი საბავშვო სათამაშოებში

გამოქვეყნდა:

ტყვია, კადიუმი, დარიშხანი, სუდანი და აკრძალული პარაბენები - ეს ის მავნე და ჯანმრთლობისთვის საშიში ნივთიერებებია, რომელიც ლაბორატორიული კვლევებით საქართველოში სხვადასხვა სახეობის საყოფაცხოვრებო ნივთების გარდა, საბავშვო სათამაშოებშიც აღმოაჩინეს. დღეს ბაზარზე არსებული პროდუქცია არანაირ შემოწმებას არ გადის და არც ერთი მშობელი არ არის დაზღვეული, რომ თავის შვილს სახლში საშიშ სათამაშოს არ მიუტანს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და "იუნისეფის" ერთობლივი კვლევის შედეგად საქართველოში ტყვიის შემცველობაზე 1500-ზე მეტი ორიდან შვიდ წლამდე ბავშვის სისხლი შემოწმდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციებით ჯანმრთელ ბავშვს სისხლში ტყვია საერთოდ არ უნდა ჰქონდეს. ამ კვლევით კი დადგინდა, რომ ჩვენი ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვია აქვს. მათგან 16%-კი ტყვიის შემცველობა მნიშველოვნად საშიშ ზღვარზეა.

კვლევის შედეგი, რომელიც ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე აისახება, საგანგაშოა. სპეციალისტები მრავალი საშიში დაავადების გაზრდილ სტატისტიკას სწორად ასეთ მავნე ნივთიერებებით გაჯერებულ სათამაშოებსა და სხვა - უკავშირებენ. ხარისხზე კონტროლის დაწესების კანონის ამოქმედება კი დროში იწელება.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საფუძველზე საქართველომ პასუხისმგებლობა აიღო, რომ ქვეყანაში სათამაშოების ხარისხზე კონტროლს დააწესებდა. ამ კანონის მომზადება ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყეს. ბიზნესს ახალი წესებით მუშობის დაწყებისთვის 1 წლიანი ვადა მისცეს, და უკვე წელს, 1 იანვრიდან ამ კანონს სავალდებულო ხასიათი უნდა ჰქონოდა, მაგრამ მისი აღსრულება ისევ გადაიდო. ჯერჯერობით მხოლოდ 6 თვით.

ბიზნეს ოპერატორები, რომლებიც ამ სფეროში უკვე წლებია საქმიანობენ, სათამაშოების უსაფრთხოების ხარისხის კონტროლს მიესალმებიან, თუმცა, სკეპტიკურად უყურებენ მის აღსრულებას და შიშობენ, რომ ასეთი სახით დაწერილი კანონი ბაზრიდან დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ პროდუქციას გააქრობს.

თუ საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული კანონი ძალაში იმ სახით შევა, როგორც დღეს უწერიათ, მაშინ, ბაზრიდან გაქრებიან მეორადი და ეგრედ წოდებული "აუთლეტის" სათამაშოების მაღაზიები. რომლებიც მხოლოდ ევროპული, მაღალი ხარისხის პროდუქციით ვაჭრობენ.

დღეს მხოლოდ თბილისში 30-მდე ასეთი მაღაზიაა, რომლებსაც თავიანთი პროდუქცია მხოლოდ ამერიკიდან შემოაქვთ. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ისინი სათამაშოების ბიზნესის მიღმა რჩებიან. გარდა იმისა, რომ მოსახლეობა კარგავს საშუალებას ხელმისაწვდომ ფასში ხარისხიანი სათამაშო შეიძინოს, ეს კანონი მცირებიზნესის ამ სფეროს წარომადგენლებსაც დაარტყამს და უმუშევრად დატოვებს.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი უკვე წლებია, რაც ბაზარზე არსებულ სხვადასხვა სახის პროდუქციას მავნე ნივთიერებებზე შესამოწმებლად ლაბორატორიულ კვლევებს უტარებს. შედეგები ყოველთვის შემაშფოთებელი იყო.

ცენტრის თავმჯდომარე, ვახტანგ კობალაძე თვლის, რომ სიტუაცია იმდენად მძიმე და საგანგაშოა, რომ არა მხოლოდ სათამაშოებზე, არამედ ყველა სახის პროდუქციაზე, რომელიც ქვეყანაში შემოდის სახელმწიფომ სასწრაფო წესით უსაფრთხოების ნორმების კონტროლი უნდა დააწესოს.

ამდენი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების, საგანგაშო შედეგების, დაავადებათა კატასტროფული ზრდის მაჩვენებლის, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის და რეკომენდაციების მიუხედავად, ყოველდღიური მოხმარების ნივთების უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში ყოველგვარ კონტროლს მიღმაა დარჩენილი. საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დღემდე დაუცველია, ხოლო ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების გამო დაწერილი კანონები იმდენად არ არის მორგებული რეალობაზე, რომ მათი მიღებით მცირე ბიზნესიც ზარალდება და ვერც მომხმარებელი იხეირებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი