მისიონერი, ალპინისტი, რეჟისორი, წმინდანთა ძვლების შემგროვებელი და იუთუბერი - მეუფე ნიკოლოზი

გამოქვეყნდა:

ბოლო განცხადებიდან, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა არ დამალა, რომ მისი საკუთარი მანქანა უკვე დაძველდა და ახალი სჭირდება. გზა, რომელსაც კვირაში ორჯერ - ახალქალაქიდან თბილისამდე გადის, არც მოწესრიგებულია და არც უსაფრთხო. ამიტომ, 2006 წლის "ტოიოტა ლენდკრუიზერი" უკვე გამოსაცვლელია.

დარწმუნებულია, რომ არასწორად გაუგეს. ავტომობილის ჩუქება არასოდეს უთხოვია, თორემ ასე, რომ ყოფილიყო, ვინ ეტყოდა უარს?

ხუმრობა საჩუქრებზე კი მისი ბოლო მოდელის ტელეფონით დაიწყო, როცა ხმამაღლა თქვა, რომ ბევრ და კარგ საქმეს აკეთებდა და კარგი ტელეფონი კარგი კამერით აუცილებლად სჭირდებოდა. ბევრმა იცინა, ბევრმა გაკიცხა, ბევრმა მოიწონა - მაღაზიამ კი, კარგი რეკლამისთვის ახლა უკვე ნამდვილად ბოლო მოდელის ტელეფონი აჩუქა.

ამის შემდეგ, სოციალური ქსელების ყველაზე პოპულარი მღვდელმთავარი გახდა. ისეთი პოპულარული, რომ რჩევისთვის უცხო ადამიანებიც მიმართავდნენ.

პასუხი მათთვისაც აქვს, ვისაც მეუფე ნიკოლოზის ძვირადღირებული ნივთები აღიზიანებს. ეს კრიტიკა არ სწყინს და იხსენებს ქრისტეს, რომელიც ძვირფასი ნელსაცხებლის პკურების გამო მასავით გაკიცხეს.

რისთვის სჭირდება ტელეფონი? საკუთარი "იუთუბ" არხისთვის, რომელსაც უამრავი გამომწერი ჰყავს და კიდევ უფრო მეტი მნახველი. კარგი კადრისთვის ყველაფერი აქვს.

როგორც ჩანს, მიტროპოლიტის გატაცებას მღვდელმთავრებიც მიჩვეულები არიან, რადგან მისი "აიფონის" კადრში მოხვედრას არავინ გაურბის. ამიტომ მეუფე იღებს ყველაფერ საინტერესოს და ყველას, მათ შორის მათაც, ვისაც სხვა ტელევიზიების კამერები ვერ ნახავენ.

პატრიარქის იუბილემდე კი იყო ვირუსი, რომელიც გადაიტანა და COVID-19-ის საკუთარი გამოცდილება სხვა პაციენტებსაც გაუზიარა. გამოჯანმრთლებულმა კი, რესპუბლიკური საავადმყოფო აკურთხა და პაციენტები დალოცა. ახლა ყველას მოუწოდებს, ჯანსაღად იცხოვრონ და ფეხით ბევრი იარონ.

მეუფე ნიკოლოზი კი ბევრს დადის. საქართველოშიც და უცხოეთშიც. ამბობს, რომ ყველგან, სადაც მიდის, ეძებს წმინდანთა ნაწილებს. ასე იყო დეკემბერში იტალიაში ყოფნისასაც, როცა დონ ფრანკოს ყველა ძვალი მოსთხოვა, რაც ჰქონდა.

წმინდა ნაწილები ახალქალაქში ჩააქვს, სადაც თავისი ხელით გაკეთებული პატარა მუზეუმი აქვს. ყველაფერს ერთი ოცნებით აგროვებს. ფიქრობს, რომ რელიგია ყველას აერთიანებს, ამიტომ პატარა ოთახში ყველა ჯურის წმინდანის ნაწილებია მოქცეული.

ახლა მხოლოდ ამ სივრცის გაფართოება უნდა, ამბობს, რომ მისი შექმნის მიზანი ერთადერთია, მოხდეს ეთნიკური სომხების და ზოგადად რეგიონის ინტეგრაცია დანარჩენ საქართველოსთან.

სწორედ იმიტომ, რომ რეგიონი დანარჩენ ქვეყანას მოწყვეტილი არ იყოს, უამრავი გეგმა აქვს. მათ შორის ისეთიც, რომელმაც მედიის კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. მეუფე ნიკოლოზ ფაჩაშვილმა ნინოწმინდის რაიონის ერთ მიტოვებულ სოფელში თითქმის ყველა სახლი იყიდა. ამბობდა, რომ აქ ოაზისს შექმნის და ხალხს დაასახლებს. გახსნილი აქვს სარეჟისორო და სახელოვნებო კურსები და ცდილობს, ყველა მსურველს თავშესაფარი მისცეს.

გეგმები ჯავახეთის სხვა ტერიტორიებისთვისაც აქვს. მაგალითად, როგორ აქციოს რეგიონი ტურისტულად მიმზიდველ და ეგზოტიკურ მხარედ. ყველაზე ეგზოტიკური და უჩვეულო, რაც გაუკეთებია, ყაზბეგში, მყინვარწვერის ძირში სალოცავის დადგმაა. ახლა ეს პატარა ეკლესია ზღვის დონიდან 4700 მეტრზე ევროპაში ყველაზე მაღალ სალოცავად ითვლება.

ჯავახეთში სახლების, მშენებლობის, მოსახლეობის განათლების და დასაქმებისათვის წინა პრეზიდენტის ჯილდოც აქვს მიღებული - ბრწყინვალების ორდენი.

ეს იმ დროს იყო, როცა კამერების წინ არ ჩანდა, ახლა კი, ჟურნალისტებთან ყველაზე გახსნილმა მღვედლმთავარმა ღიად თქვა, რომ კითხვებზე საპასუხოდ მომზადებას გადის.

ამ გულწრფელი ინტერვიუს მიუხედავად, ერთადერთი მღვდელმთავარია, რომელმაც "მთავარ არხს" ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა. თვლის, რომ კამერა ჩვენს ხელში იარაღია და ბევრი შესაძლებლობა გვაქვს. ის კი, რასაც ვაკეთებთ, აუცილებლად დასაფასებელია.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი