ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ნიკიას ქუჩაზე აღმართულ დროშას ეხმაურება, რომელიც თითქმის ყოველ კვირაში ზიანდება და ძირითადად ჩამოხსნილია. მერის განმარტებით, აღნიშნულ ქუჩაზე ძლიერი ქარია, რაც დროშის დაზიანებას იწვევს. ქუთაისის მერის თქმით, დროშა რომელიც 47 მეტრიან სადგარზე ფრიალებს უცხოეთიდან ჩამოაქვთ და ის სპეციალური მასალით არის შეკერილი.
"ამ ქალაქში დროშა ყოველთვის იფრიალებს, თუმცა არის ზოგჯერ შემთხვევები, როცა დროშა ზიანდება და მას ჩამოხსნა ჭირდება. როცა ვინმე ამ თემაზე ქილიკობს, იქ დასცინის ქუთაისს. მე მინდა ვუთხრა ყველას, დროშა კიდევაც დაიხევა და კიდევაც დაზიანდება, თუმცა მივალთ და ახალს ჩამოვკიდებთ. ჩვენ დროშა საზღვარგარეთიდან ჩამოგვაქვს, თურქეთში უძლიერესი კომპანია აწარმოებს ამ დროშას. ერთი ცალი სადღაც ჯდება 1200-1300 ლარი. ის მზადდება სპეციალური მასალისაგან,"- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, "რიონის" ეთერში.
ქუთაისში, 47 მეტრიან სადგარზე დროშა ძირითადად არ ფრიალებს. ეროვნული სიმბოლიკა ზოგჯერ ქარს მაიქვს, ზოგჯერ კი ზიანდება და მერია ხსნის. დროშის აღსამართავად მერიამ ტენდერი 2 წლის განმავლობაში 6-ჯერ გამოაცხადა და ის ბიუჯეტს 65 000 ლარამდე დაუჯდა.