გლდანში, დევნილების საცხოვრებელი კორპუსი კარანტინის ზონად გამოცხადდა. პოლიციამ იქ მცხოვრებლები კორპუსში ჩაკეტა და გამოსვლის უფლებას არ აძლევს. საგანგებო ზომები მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც დევნილთა კორპუსის ერთ-ერთი ოჯახის სამ წევრს კოვიდ 19 დაუდასტურდათ. ვირუსით ინფიცირებულია 35 წლის მამაკაცი და მისი მშობლები. ინფიცირებულებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდათ და მეზობლებშიც თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. კორონავირუსის დასადგენად ანალიზები აუღეს აგრეთვე ინფიცირებული მამაკაცის მეუღლეს და მის მცირეწლოვან შვილსაც.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, იქ მცხოვრებლები მაინც შეშინებულები არიან.
ჩვენც გვინდა გასინჯვა, სამედიცინო პერსონალი არ მოსულა. ველოდებით, ცხელ ხაზზე დავრეკე, მოვალთ, მოვალთო, მაგრამ ასე ვართ გაურკვევლობაში. პურზე ვერ მივდივარ, პური არ გვაქვს სახლში,"- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში დევნილთა 25 ოჯახი ცხოვრობს. მათ ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, შესაბამისად, იქ მცხოვრები ყველა პირი კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფში მოიაზრებიან.