ნამახვანჰესის მშენებლობა გაგრძელდა - პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

გამოქვეყნდა:

3 თვიანი პაუზის შემდეგ, რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ 105 მეტრიანი კაშხლის აშენების წინააღმდეგ, ადგილზე 97-ე დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.

ადგილობრივებმა ადგილზე აღმართულ ჯვართან მისვლაც სცადეს, თუმცა პოლიცია მათ ტერიტორიის დატოვებას სთხოვს, რასაც დაპირისპირებაც მოჰყვა. 

"ჯვართან ვილოცებ და ჩამოვალ, რატომ არ მაძლევთ საშუალებას? ეს ხომ ჩემი-მიწა წყალია, ჩემი საქართველოა, მე სხვა საქართველო არსად არ ვიცი, სად არის. რა რობოტებივით ხართ ქცეული", - მიმართა პროტესტის მონაწილემ სამართალდამცველებს.

სამოქალაქო აქტივისტ ვარლამ გოლეთიანის თქმით, პოლიცია მათ ეუბნება, რომ ჯვარი კერძო ტერიტორიაზეა დადგმული. 

"მოვუწოდებ ყველას, დაიცვას საკუთარი ღირსება და ქვეყანა. გვეუბნებიან, რომ კერძო ტერიტორიაა, შლაგბაუმიც დადგეს", - ამბობს გოლეთიანი. 

შეგახსენებთ, სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში, წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისამდე მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს  34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.

ქუთაისის შემდეგ, იტბორება მთელი კოლხეთის დაბლობი - სულ 18 მუნიციპალიტეტი და 70 დასახლებული პუნქტი. შავ ზღვას ნამახვანის რეზერვუარის წყალი ფოთის ნაპირზე შეუერთდება 2,- 2,5  მეტრის სიმაღლის ტალღით. 

თურქული კომპანია "ენკა" კი დაწყებული სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს. კომპანიაში ამბობენ, რომ სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი