ომის დროს დაბომბილ გორის ქუჩებში რუსულმა ტაქსის კომპანიამ აბრები განათავსა, ნებართვა კი გორის მერიამ ისე გასცა, რომ სავარაუდოდ ამ კომპანიის შესახებ ინფორმაცია არ შეუსწავლია.
ფაქტს ადგილობრივები აპროტესტებენ და მერის, კოტე თავზარაშვილის, პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
მათივე თქმით, მუნიციპალიტეტის უყურადღებობის შედეგად, შეცდომით დამზადდა შინდისის გმირების სახელობის სამისამართო აბრები.
"შინდისის გმირებმა თავი გასწირეს ამ ქვეყნისთვის და ვიფქრობ, ხელისუფლება ვერ იაზრებს დღემდე რუსეთის მავნებლობას. აბრებზე არასწორად დატანილი სახელები ამ ადამიანების შეურაცხყოფაა", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, თეონა ფანქველაშვილი.
მერიაში ამბობენ, რომ არ აქვთ უფლება გამოიძიონ კომპანიის წარმომავლობა.
"მერია არ არის საგამოძიებო ორგანო... მთავარია, შეესაბამებოდეს კანონს - ამ შემთხვევაში არ დარღვეულა", - ამბობს უწყების თანამშრომელი.
ადგილობრივის პროტესტის შემდეგ, გორის მერიას რუსული კომპანიის ბანერების ჩამოხსნა მოუწია.