მილიონ ლარამდე ღირებულების ავტომანქანები ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის საბა გიგიბერიას მფლობელობაშია. ჩავედით ხონში, მის რეზიდენციაში, რომ გაგვეგო, როგორ სარგებლობს მეუფე საბა ერთდროულად 7 ძალიან ძვირადღირებული ავტომობილით. ორ დღიანის ლოდინის შემდეგ ინტერვიუზე დაგვთანხმდა.
ვცადეთ გაგვერკვია, მეუფემ რომელიც ბერია, მატერიალური სიკეთეების გარეშე უნდა ცხოვრობდეს და შიმშილის ზღვარზე მყოფი მრევლის შემოწირულობის იმედად არის, როგორ მოახერხა ძვირადღირებული ავტოპარკის შეძენა.
მეუფემ არ იცის, მაგრამ მისმა კეთლისმსურველებმა იციან, რა ხიბლავს მეუფეს. საჩუქრის მიღება არ ეუხერხულება. ამბობს, რომ 24 წლიან ღვთისმსახურებას უკვალოდ არ ჩაუვლია და თითოეულ მანქანის თავის ისტორია აქვს.
მეუფე საბამ იცის, რომ ძვირფას საჩუქრებს სულის ცხონებასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ რა ქნას. დარწმუნებულია, რომ აკეთებს ისეთ საქმეებს, რისთვისაც სჭირდება მანქანები - ერთხიდიანი, ორხიდიანი, სამხიდიანი, ახალიც და ძველიც.
საჩუქრებს დაბადების დღეზეც იღებს და ისედაც. მაგალითად, ბოლო იუბილეზე 2 მანქანა აჩუქეს. ყველა ნაჩუქარ ავტომობილზე ერთი სერია აქვს, არ გვითხრა რას ნიშნავდა ინიციალები, მაგრამ მისი გაშიფვრა ერთი შეხედვითაც მარტივია, მხსს - მეუფე ხონისა და სამტრდიისა საბა. ნომრები კი, მანქანების რაოდენობის მიხედვით - 001 დან 008-ის ჩათვლით იზრდება.
ხონსა და სამტრედიაში ღიად საუბარს ყველა ერიდება, კამერის მიღმა და საიდუმლოდ კი, იმასაც ყვებიან რომ მეუფე ყველაზე ახლოს ბიზნესმენებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებთან არის და მერსედესის მარკის მანქანა, ცლს მოდელი, ერთერთმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა აჩუქა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ეს ხონელი კანონირი ქურდი ჯეირან კინწურაშვილი - იგივე ხონსკია, რომელიც ამ დროისთვის თურქეთში ცხოვრობს. ავტომობილი 2020 წლისაა, ცენტრიდანაა გამოყვანილი და მისი ღირებულება არც მეტი არც ნაკლები 112 ათასი დოლარია.
მეუფე საბას ეპარქიაში ძვირფასი მანქანების გარდა მის ქონებაზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ გასულ წელს სენაკში მისი სახლის დაყაჩაღებისას 200 ათას ლარზე მეტი წაიღეს. სავარაუდოდ, ოჯახმა თანხის ოდენობა ვერ გაამხილა, ამიტომ გამოძიება ამ დრომდე 120 ლარის ქურდობაზე მუშაობს. ამ კითხვაზე მეუფე წყევლასაც არ მოერიდა.
მეუფე საბასთვის სასაუბროდ საინტერესო თემა პანდემიაც აღმოჩნდა. თვლის, რომ მთავრობები პანდემიის დროს მხოლოდ ფულს აკეთებენ. თუმცა საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულებას მაინც მოერიდა. ამბობს, რომ არც ვაქცინას ენდობა და არც აცრას აპირებს.
ანტივაქცერი მეუფის საბა გიგიბერიას 24 წლიანი მიტროპოლიტობა არც თუ ისე ცოტა სკანდალის ისტორიას ითვლის, 2000 იანი წლების დასაწყისში ორი მეუფის თეროდორე ჭუაძისა და საბა გიგიბერიას ბიზნესი - კონტრაბანდული სიგარეტისა და პრეზერვატის რეალიზაციის ამბავიც საზოგადოებას დღემდე ახსოვს.