ბაზრები დაიკეტა - ასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა

გამოქვეყნდა:

პურის ფული, რომელსაც ბაზარში დღიური შრომით შოულობდნენ დღეს ასეულობით ადამიანმა დაკარგა.  დღეიდან ქვეყანაში ვირუსის პრევენციისთვის ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა. 

პროდუქტის გასაყიდად მისულ მოვაჭრეებს დილით ნავთლუღის აგრარული ბაზარი დაკეტილი დახვდათ. ბაზრის 200 მოვაჭრე და თითქმის ამდენივე მუშა გაურკვეველი ვადით უმუშევარი დარჩა.  

მოვაჭრეებს ბაზრის დახურვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონდათ. მათი უმრავლესობა სოფლებიდან ჩამოვიდა, გასაყიდი პროდუქტი ჩამოიტანა, თუმცა უკან ისე დაბრუნდნენ, რომ გზის ფულიც ვერ იშოვეს. ბაზრის ადმინისტრაციაში არ იციან, როდის განახლდება მუშაობა.

ე.წ. დეზერტირების ბაზარი ერთერთი ყველაზე დიდია თბილისში. აქ დასაქმებული ასობით ადამიანი ახლა უმუშევარია. გარდა იმისა რომ შემოსავლის წყარო დაკარგეს, ეშინიათ რომ გასაყიდად შეძენილი პროდუქტი გაუფუჭდებათ და იმ თანხასაც დაკარგავენ რაც უკვე გადახდილი აქვთ. 

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ რომ აგრარული ბაზრები დაავადების გავრცელების რისკს შეიცავს, არ არის დაცული ჰიგიენის ნორმები და ის სტანდარტები რასაც მედიკოსები გასცემენ. იმ შემთხვევაში თუ ბაზრის ადმინისტრაციაში სტანდარტებს დაიცავენ და რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, შესაძლოა ზოგიერთი მათგანი კვლავ გაიხსნას, თუმცა მხოლოდ საბითუმო რეალიზაციისთვის.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი