14 წლის გოგონას დანიშვნის და ფაქტობრივად გადაწყვეტილი გათხოვების ფაქტი უყურადღებოდ დარჩებოდა, რომ არა აზერბაიჯანელი უფლებადამცველების მწვავე რეაქცია. ფონიჭალაში ჩატარებული რიტუალი მხოლოდ მეზობელ ქვეყანაში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის შემდეგ მოხვდა ქართველი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში, თუმცა გამოძიება სავარაუდოდ უშედეგოდ დასრულდება.
არასამთავრობო ორგანიზაციებში ღიად ამბობენ, რომ ეთნიკური უმცირესობების ტრადიციებთან დაკავშირებული უფლებების შელახვის ფაქტები სისტემური პრობლემაა და სახელმწიფოს არც სოციალური და არც საგანმანათლებლო რესურსი არ ყოფნის ამ ვითარების შესაცვლელად.
შემთხვევა თბილსიში, ფონიჭალაში, 3 თებერვალს მოხდა. 22 წლის მამაკაცი, ვუგარ აბდულაევი 14 წლის გოგონასთან დაბადების დღეზე მივიდა. გოგონას ოჯახის წევრები ნიშნობის ფაქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ ბეჭედი მხოლოდ დაბადების დღის საჩუქარია.