"კახა ზუგდიდსკი" და ბოლონიის რესტორნის მფლობელი - ვინ არიან იტალიაში დაკავებული ქართველები

გამოქვეყნდა:

ვინ არიან იტალიაში დაკავებული კრიმინალური დაჯგუფების ქართველი წევრები - გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დაკავებული "კახა ზუგდიდსკი", იგივე კახა ალშიბაიაა, 51 წლის ზუგდიდელი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც საკმაოდ ცნობილია კრიმინალურ სამყაროში, პირველ რიგში, უწყვეტი "სტაჟის" გამო და იმითაც, რომ მისთვის ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი არასდროს შეუჩერებიათ. 

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახა ალშიბაიასთან ერთად დაკავებულია ბოლონიის რესტორნის მფლობელი, ვინმე კაციტაძე, ასევე გიგი გიგიაძე. კაციტაძის რესტორანს დაჯგუფების წევრები თავშეყრისთვის იყენებდნენ.

რაც შეეხება გიგი გიგიაძეს, მის ოჯახში ამბობენ, რომ ის დაკავებული არ არის და დეზინფორმაცია გავრცელდა, თუმცა, ვინ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია - შსს-მ თუ იტალიურმა მედიამ, ამ შეკითხვაზე პასუხი არა აქვთ. 

"არ ვიცი არაფერი, ჩვენ ისიც არ ვიცოდით, მე და იმედიმ (კახა ალშიბაიას მამა, - რედ.), ის რომ გახდა... ორი წლის მერე გავიგეთ", - ამბობს შვილის ე.წ. ტიტულთან დაკავშირებით ზუგდიდელი "კანონიერი ქურდის" კახა ალშიბაიას დედა, რომელიც ასევე, ამბობს, რომ იტალიაში მისი ვაჟის დაკავების შესახებ ინფორმაცია არა აქვს.

ცნობისთვის, იტალიაში ჩატარებულ სპეცოპერაციას 5 ქვეყნის სამართალდამცველები 3 წლის განმავლობაში გეგმავდნენ. სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად დაწყებული სპეცოპერაციის დროს 65 ადამიანი დააკავეს, აქედან 55 - ქართველია. საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს შსს-მაც. 

აქვე გეტყვით, რომ კახა ალშიბაია, კრიმინალურ სამყაროში ცნობილი, როგორც "კახა ზუგდიდსკი", საქართველოში ბოლოს 1998 წელს იყო ჩამოსული. მაშინ ის სენაკის აეროპორტში მოსკოვიდან შესრულებული რეისით ჩამოფრინდა, სადაც იმდროინდელი შს მინისტრის კახა თარგამაძის დაჯავშნული "მერსედესი" დახვდა.

ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ ჯდება კახა ალშიბაია შს მინისტრის მანქანაში, თვითმხილველმა გადაიღო და რეგიონში გაზეთ "ალიას" ჟურნალისტს მიაწოდა, ხოლო მისი გამოქვეყნება ქვეყნის მთავარ სკანდალად იქცა. კახა თარგამაძემ ოფიციალურად უარყო ამ ფაქტთან კავშირი, მაგრამ ვერ ახსნა, რისთვის იყო ჩასული სენაკში მინისტრის მომსახურე ავტომობილი და მით უმეტეს, როგორ აღმოჩნდა ის სენაკის აეროპორტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი