თითქმის 1 წლის შემდეგ დღეს სინოდის სხდომა გაიმართება

გამოქვეყნდა:

თითქმის 1 წლის შემდეგ, სინოდი დღეს პირველად იკრიბება. საპატრიაქროში შეხვედრის მთავარ ინტრიგად ისევ რჩება სხდომის განსახილველი საკითხები, თუმცა დასტურდება, რომ მღვდელმთავრები ერთ-ერთი პრობლემატურ თემაზე - კორონავირუსის ეპიდემიასა და კორონავირუსის საყოველთაო ვაქცინაციაზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია. სასულიერო პირების ნაწილი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ნაწილი კი ვაქცინაციაში პრობლემას ვერ ხედავს.

"რა მოცემულობაც იქნება იმაზე ვიმსჯელებთ, იცოდეთ, არცერთი შეკითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი. ჩემი პოზიცია არის, აი თვითონ ექიმებიც მსჯელობენ, მე, რასაკვირველია, ყველაფერი დადებითისკენ უნდა გადავდგა ნაბიჯი და ხალხს ყოველთვის უნდა მოვუწოდო იმისკენ, რომ ცხოვრება, როგორც სულიერი ისე მატერიალური ადამიანს ჰქონდეს ნორმალური, ამიტომ ის მსჯელობა როცა მიდის, ერთი მხარე ცოტა ეჭვობს, მეორე მხარე იძახის გინდა თუ არა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რადგან პროფესიონალები არ ვართ დავაცდით ექიმებს", - ამბობს, მეუფე მიქაელ გაბრიჭიძე,  თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი.

 სინოდის ჩანიშვნის დღეს რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სხდომაზე პატრიარქის გადაყენების და მის ადგილას მეუფე შიოს დანიშვნის საკითხის განიხილებოდა. ამ თემას კატეგორიულად უარყოფს საპატრიარქო.

"პატრიარქს ვერავინ ვერ შეეხება ვერასდროს, პატრიარქი იქნება ყოველთვის, ყველაფერს გაიგებთ და პატრიარქს ვერავინ ვერ შეეხება", - თქვა მეუფე მელქისედეკი ხაჩიძემ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა.

სინოდის წევრები არ ადასტურებენ იმსჯელებენ თუ არა 2021 წლის პირველ სხდომაზე მეუფე პეტრე ცაავას საკითხზე. თუმცა არ არის გამორიცხული ახალი მღვდელმთვარები გამოარჩიონ, რადგან რამდენიმე ეპარქია მმართველის გარეშე არის დარჩენილი. მათ შორისაა ჭყონდიდის ეპარქიაც.

წმინდა სინოდის შეკრება დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოწვევით იმართება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი