საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით,მსოფლიო პანდემიის ფონზე ცვლილებები ქრისტიანული ეკლესიის ერთერთი მთავარ საუფლო დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღვთიმსახურებაში არ შევა.
მღვდელმთავრები ბზობის რიტუალიდან მხოლოდ მთავარი სიმბოლოს, ბზის გაყიდვის შეზღუდვას გეგმავენ. ხვალ ტაძრების დიდ ნაწილთან ბზა აღარ გაიყიდება და ეკლესიაში მისულ მრევლს ის ადგილზე დაურიგდება.
მართლმადიდებლური ეკლესია ამ გადაწყვეტილებას მრევლის რაოდენობის შემცირების სურვილით ხსნის. მღვდელმსახურები ამბობენ,რომ ამ შეზღუდვიდან გამომდინარე ტაძარში ნაკლები ხალხი მოვა და დისტანციის დაცვა შესაძლებელი იქნება.
მსოფლიო პანდემიის ფონზე 14 ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია სრულად ცვლის ღვთისმსახურების წესსა და კორონავირუსის გავრცელების მომატებული საფრთხის გამო საეკლესიო რიტუალებს დროებით აჩერებს.
თეოლოგები ამბობენ, რომ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის გადაწყვეტილება კოვიდ 19ის გავრცელების პრევენციისთვის საკმარისი არ არის და აღდგომის დღესასწაულებზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის საფრთხე რეალურად არსებობს.
საღვთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში დილის 10 საათზე დაიწყება და მას კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.