რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაჯიხევის მისასვლელ გზაზე, ფსორი-ბაჯიხევის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა.
თაბაშირის კარიერთან ჩამოსულია დიდი ზომის მეწყერი, გრუნტისა და კლდის მასა, დაახლოებით 2 000 კუბური მეტრი. ამასთან, ფერდობზე შეინიშნება მეწყრული ნაპრალი, რომელიც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს, ახალი მასის ჩამოსაშლელად.
"ამ ეტაპისთვის, მთავარი პრიორიტეტია სოფელში მისასვლელი ალტერნატიული გზის 300-მეტრიანი მონაკვეთის მოხრეშვა, შემდეგში ძირითადი გზის გაწმენდა ჩამოტანილი ნაშალი მასალისგან და ჩავარდნილი მონაკვეთის აღდგენა. ვრჩებით აქტიურ კომუნიკაციაში მოსახლეობასთან და ვეცდებით, უმოკლეს დროში დავიწყოთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები",- განაცხადა რწმუნებულმა, პარმენ მარგველიძემ.
სტიქიის ზონიდან რამდენიმე მეტრში ბაჯიხევის მხარეს მეწყრული პროცესების გამო დაწეულია გრუნტი და გზის რკინა-ბეტონის საფარი 30 გრძივ მეტრზე დარჩენილია ჰაერში.