გავიგუდეთ! - ამ ლოზუნგით მიმდინარეობს საპროტესტო აქცია რუსთავში. ადგილობრივები ხელისუფლებას შეუსრულებელ დაპირებებს ახსენებენ და მთავრობის მეთაურს ულტიმატუმს უყენებენ.
აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრს სთხოვენ წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული კანონის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.
"მთავარი მოთხოვნა არის, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღოს გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონი და მისი თანმდევი ცვლილებათა პაკეტი. რაც აუცილებელია იმისათვის, რომ რუსთავში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს.... ვითხოვთ ეს კანონმდებლობა 4 მარტამდე უნდა იყოს მიღებული", - თქვა აქციის ერთერთმა მონაწილემ
"ჩვენ ვემზადებით ძალიან დიდი აქციისთვის და ამისთვის მზადებას ვიწყებთ დღეს, 13 თებერვალს. რათა 7 მარტს გავმართოთ სერიოზული, ძალიან დიდი საპროტესტო აქცია", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.
რუსთავის მერიიდან - აქციის მონაწილეებმა საწარმოებთან გადაინაცვლეს.