თვითნებურად მოქმედებენ, ეკლესიას უპირისპირდებიან - მეუფე იოანე ნამახვანჰესის პროტესტზე

გამოქვეყნდა:

"ვინც აპროტესტებს ნამახვანჰესის მშენებლობას, მათ ეკლესიასთან მიმართებით არასწორი გზა აირჩეს"-ნამოხვანჰესთან დაკავშირებით,  ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე საგანგებო განცხადებას ავრცელებს. მიტროპოლიტის თქმით, აქციის მონაწილეებმა თვითნებურად აღმართეს ჯვარი, რათა კომპანიის ტექნიკის მუშაობა შეფერხებულიყო. ქუთაისის მღვდელმთავრის განცხადებით, რიონის ხეობის მცველებმა, კურთხევის გარეშე რამდენიმე თვის წინ დაიწყეს თვითნებური მოქმედება.  წმინდა სინოდის წევრის თქმით, ხეობის დარაჯები ზეწოლას ახდენენ კომპანიაზე.        

"სიტყვა არ ისმინეს და ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს, უფლის ჯვარი, დაპირისპირების საბაბად აქციეს, სამართლებრივი გზით სვლას ქუჩის აქციები ამჯობინეს. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, დიალოგი ვერ შედგა. საკონფერენციო მოვისმინეთ აქტივისტთა ექსპერტების საბაზო ინფორმაცია იმისთვის, რომ გაგვეგო საფუძვლიანია თუ არა მათი ინფორმაცია, პასუხად კურთხევის გარეშე, თვითნებურად დადგეს დიდი ზომის ჯვარი სავალ ნაწილზე, რომ შეფერხებულიყო ფირმის ტექნიკის მოძრაობა. მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელიც დასაქმებული იყო აქ და დარჩა უმუშევარი", - თქვა მეუფე იოანემ.

მისი განცხადებით, პროტესტის მონაწილეები სიტყვით პასუხს ხელისუფლებას სთხოვენ, საქმით კი ფირმაზე ზეწოლას ახდენენ. მეუფეს განმარტებით, ხელისუფლების მიერ მოხსნილი ჯვარი მღვდელმთავრის კურთხევით, ეპარქიის კუთვნილ ტერიტორიაზე დაიდგმება.

"სამწუხაროა, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც საკუთარი თავი ეკლესიის შვილებად მიაჩნიათ, მიკერძოებული პოზიციის გამო ეკლესიას უპირისპირდებიან, რაც საზიანოა მათი სულებისთვის. თავიდან მათი გამოსვლების თემა იყო შიში იმისა, რომ კაშხალი დაინგრევა და წყლის ტალღა წალეკავს ქუთაისს. მერე თემა შეიცვალა და აქცენტი რიონის ხეობაში ეკოლოგიურ კატასტროფაზე გაკეთდა. ბოლოს თქვეს, რომ რიონის ხეობა უცხოურ ფირმას გადასცეს 99 წლით;

გაყიდეს თუ სარგებლობაში მისცეს? ან რა პირობით? ამბობენ, რომ საიდუმლო საბუთი მოიძიეს, მაგრამ ჯერჯერობით არ მინახავს. როდესაც ჯვარი დადგეს, ვკითხე აქტივისტებს: მშენებელი ფირმის ტერიტორიაზე თვითნებური მოქმედება რამდენად გამართლებულია-მეთქი. გვიპასუხეს, რომ ეს ტერიტორია იმათ არ ეკუთვნითო. ეხლა ამბობენ, რომ მთელი ხეობა იმათ გადასცეს. სამივე შემთხვევაში იკვეთება ერთი სლოგანი: კაშხალი არ უნდა აშენდეს, რადგან ქვეყნისთვის საზიანოა. წინანდელი და ახლანდელი ხელისუფლება ასე არ ფიქრობს. ეროვნული გრძნობებით სპეკულირება, ტყუილ-მართლის აღრევა მრავალთათვის მაცდუნებელი ხიბლია, რომელსაც სიკეთე არასოდეს მოუტანია", - თქვა მეუფემ.

შეგახსენებთ, რომ 100 დღეზე მეტია რიონის ხეობაში მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი