ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისათვის ქვეყანაში 306 შემთხვევა ფიქსირდება, რომელთა შორის 69 გამოჯანმრთელებულია.
განცხადებები გააკეთეს ინფექციურ საავადმყოფოსა და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკებში. ყველა ახალი შემთხვევის წყაროდ შიდაგავრცელება სახელდება.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, მათ საავადმყოფოში ამჟამად 39 პაციენტია მოთავსებული, მათგან 2 პაციენტი კვლავ მძიმეა.
მისივე თქმით, დამაკმაყოფილებელია არასრულწლოვნების მდგომარეობა და ინფიცირებული 9 თვის ჩვილი თავს ყველაზე კარგად გრძნობს.
39-დან 2 მძიმე პაციენტი გვყავს, პრობლემური, რომელიც კრიტიკულ სიტუაციას უახლოვდება, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია და გუშინდელს მერე დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. არასრულწლოვნები ამ ეტაპზე გვყავს ექვსი, ერთი ყველაზე პატარაა და თქვენ წარმოიდგინეთ, ის ყველაზე კარგად გრძნობს თავს, დანარჩენების მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია” - განაცხადა ეზუგბაიამ.
გარდა ამისა, ეზუგბაიამ დღეს განაცხადა, რომ ის სოციალური ქსელებით არ სარგებლობს და მისი სახელით შექმნილ ყალბი ფეისბუქ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება.