„თუ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, ჩვენ გავწევთ მათ“ - ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ"  პრემიერას ჰომოფობიური ჯგუფები ჩაშლით ემუქრებიან

გამოქვეყნდა:

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერას ჰომოფობიური ჯგუფები ჩაშლით ემუქრებიან. საერთაშორისო კინოფესტივალების რჩეული ფილმის თბილისური პრემიერა 8 ნოემბერს, დედაქალაქის 6 კინოთეატრშია დაგეგმილი.

თუმცა სიძულვილით მოტივირებული ჯგუფები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ იმას, რომ ქართველმა მაყურებელმა  ჰომოსექსუალური წყვილის სიყვარულზე გადაღებული ფილმი ნახოს და ამ მიზნის მისაღწევად ისინი არც პოლიციასთან დაპირისპირებას მოერიდებიან.

კინოთეატრ „ამირანში“ დღეს იმყოფებოდა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი. ვაჟა სირაძის თქმით, შსს მიიღებს ყველა ზომას, რომ ფილმის ჩვენებაზე მისული მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს და ასევე, არ დაირღვეს ადამიანების სიტყვით გამოხატვის თავისუფლება.

ფილმის ჩვენებებზე დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც რამდენიმე მოქალაქემ, მათ შორის, ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ არ დაუშვებს ამ ფილმის ჩვენებას საქართველოს კინოთეატრებში.

„თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, ათასობით ადამიანი ნახავს ამ ფილმს და კიდევ უფრო გაირყვნება, დეგრადირდება სულიერად, კიდევ უფრო ცინიკურ ცხოველად იქცევა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ ფილმის ჩვენება... ჩვენ შევალთ ამ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. თუ ჩვენ იქ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, ჩვენ გავწევთ პოლიციელებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში“, - ამბობს ლევან ვასაძე.

ამას გარდა, სასულიერო პირების ნაწილისთვის მიუღებელია ამ ფილმის ჩვენება, თუმცა ისინი საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავენ.

„რა ფორმით იქნება გამოხატული, პირდაპირ მოწოდება, რომ პოლიციას ძალადობრივად გადაუდგეს წინ და არ ვეთანხმები და არც იქნება ეკლესიის მხრიდან, არც სწორი იქნება და რეალურად, ჩვენც არ ვფიქრობთ, რომ ძალადობით პოლიციას შევეწინააღმდეგოთ. თუ ვინმე თავისი შინაგანი მრწამსიდან, თავისი რწმენის შესაბამისად იმოქმედებს თუნდაც ამდაგვარად, მე რიგ შემთვევაში, შეიძლება არ დავგმო მისი მოქმედება და შეიძლება ვაჟკაცობაშიც ჩავუთვალო“, - განაცხადა ავჭალის ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარმა, ლევან ანთაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი