საზოგადოებრივი მაუწყებელი მწვავე ეკონომიკური კრიზისისა და ეპიდემიის პირობებში ახალი შენობის მშენებლობას იწყებს. ხელშეკრულებით რომელიც ერთი კვირის წინ გაფორმდა მაუწყებელი 3 მილიონს გადაიხდის მხოლოდ მშენებლობის ზედამხედველობაში - ჯამში კი მაუწყებლის ახალი და კომფორტული შენობა გადამხდელებს 77 მილიონი დაუჯდებათ.
ვასილ მაღლაფერიძე ადასტურებს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 14 აპრილს პირველი 3 მლნ ლარიანი კონტრაქტი მშენებლობის ზედამხედველ კომპანიასთან გააფორმა და მომდევნო დღეებში უკვე მთავარ სამშენებლო ტენდერსაც გამოაცხადებს.
ახალი შენობის ასაშენებლად საზოგადოებრივ მაუწყებელს ანა პოლიტიკოვსაკაის 31 ნომერში 20 000 კვადრატული მეტრის ტერიტორია გადაეცა, რაც აჩენს კითხვებს სავარაუდო კორუფციის შესახებ.
ვასილ მაღლაფერიძის განმარტებით ახალი მშენებლობის დაფინანსება კოსტავას ქუჩაზე არსებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით მოხდება.
ჩნდება კითხვა -- სად უნდა იპოვოს ხელისუფლებამ ძვირადღირებული ქონების მყიდველი გლობალური კრიზისის პირობებში? სავარაუდო მყიდველად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს სააქციო საზოგადოება ამირანის ყოფილი დირექტორი.
ეს ქონება ავთანდილ კვარაცხელიასა და ამირანის აქციონერებს წლების წინ ქართუმ წაართვა. როგორც კვარაცხელია იხსენებს, ოლიგარქის სამიზნეში ჯერ კიდევ 2004 წელს იყო ამოღებული ზოოპარკის ტერიტორია და ტელევიზიის პავილიონები.
ამ ტერიტორიის განვითარების გენერალური გეგმა საკრებულომ ასევე კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში, 28 თებერვალს მიიღო. ახლა სამშენებლო პროექტის შეთანხმება მიმდინარეობს და როგორც მაუწყებლის მენეჯმენტი ვარაუდობს, სამშენებლო ნებართავაც დროულად იქნება მზად, მაისის შუა რიცხვებში კი სამშენებლო ტენდერიც გამოცხადდება 77 მლნ ლარის ასათვისებლად.