სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ერგნეთის შეხვედრა 5 მარტს ჩაინიშნა. შეხვედრის ერთერთი მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობა იქნება. საქართველოს ხელისუფლება მათ გათავისუფლებას სწორედ ერგნეთის შეხვედრაზე მოითხოვს.
ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფება.
მათ შორის არის გენადი ბესტაევი, რომელსაც დღეს , 2 მარტს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა შეუფარდა.
მას ბრალად ე.წ. საზღვრის დარღვევა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნარკოტიკების გადატანა ედება. დე-ფაქტო მთავრობა ამტკიცებს, რომ ბესტაევს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით დიდი რაოდენობით მარიხუანა გადაჰქონდა.
ბესტაევის ახლობლები და ნათესავები ამბობენ, რომ ბრალდება გამოგონილია და მას არც ე.წ. საზღვარი გადაუკვეთავს. მათივე თქმით, ბესტაევი ოკუპანტებმა საკუთარი სახლიდან დააკავეს, მისი საცხოვრებელი სახლი გამყოფ ხაზთან მდებარეობს.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ ოკუპანტებმა ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.