ექიმები ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე ალაპარაკდნენ

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ექიმები ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე ალაპარაკდნენ. სამედიცინო ასოციაციების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი პერსონალი დაუცველია. მედიკოსები აგრესიულ ტესტირებას, კლინიკებისა და პერსონალის სათანადოდ აღჭურვასა და ექიმების ბულინგის შეწყვეტას ითხოვენ. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თუ სათანადო უწყებებმა არ იმოქმედეს, ბევრი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება.

სამედიცინო ასოციაციების აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე აცხადებს, რომ უნდა მოხდეს მიზნობრივი ჯგუფების გამოვლენა და დაავადებულთა დროული იზოლირება.

"განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ პოლიტიკური გემოვნება ნებისმიერი წარმომადგენლის განცხადებაში არ უნდა იკითხებოდეს. ვუბრუნდებით ეტაპობრივად ნორმალურ ცხოვრებას და ეს რისკები მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, ანუ სამედიცინო პერსონალი ნებისმიერ პაციენტთან, ნებისმიერ კლინიკაში, უნდა მიდიოდეს ისე, როგორც პოტენციურ ინფიცირებულთან,"- ამბობს მორჩილაძე.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ განცხადება დროულია და აუცილებელია ყველა იმ პირობის დაკმაყოფილება, რომლებზეც სამედიცინო ასოციაციები საუბრობენ. 

"ამას ორი მიზანი აქვს - ერთი, რომ მედიკოსების ინფიცირება არ მოხდეს და მეორე - რომ არ გაგვეპაროს ასეთი პაციენტები, როგორც კოვიდინფიცირებულები არიან", - ამბობს ჩიხლაძე. 

ასოციაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ განცხადებაში ჩამოთვლილი ზომები დროულად გაატარონ, ვიდრე ქვეყანაში ეპიდემიის აფეთქება კიდევ უფრო მძიმე ფორმებს მიიღებს. 

ამ დროისთვის, კოვიდ 19-ით ინფიცირებულია 511 პაციენტი. გარდაცვლილია - ექვსი, კარანტინში კი 5000-ზე მეტი პირი იმყოფება. 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი