ჰომოფობი ექსტრემისტები ვერის ბაღში უკვე იკრიბებიან - მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული სამართალდამცველებსაც. ჰომოფობიური დაჯგუფებები და სასულიერო პირების ნაწილი აცხადებენ, რომ ისინი ჩაშლიან ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერას.
ვერის ბაღიდან სულ რამდენიმე მეტრშია კინოთეატრი „ამირანი“, რომელიც დღევანდელი ხმაურიანი ჩვენებისას, სავარაუდოდ, მოვლენების ეპიცენტრში იქნება.
ვერის ბაღში შეკრებილები ფილარმონიასთან გადაინაცვლებენ, რის შემდეგაც სხვადასხვა კინოთეატრში გადანაწილდებიან.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები „მთავართან“ განმარტავენ, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოების დაცვას. სამართალდამცავები მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ და პოლიციელების დამორჩილებისკენ მოუწოდებენ.
ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის, დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ფილმი პორნოგრაფიულ კონტენტს შეიცავს და ასევე, აცხადებს, რომ კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე აფიშა საერთოდ არ იკითხება.
„ჩვენ დამატებით მტკიცებულებებს წარვადგენთ, მათ შორის, არის პორნოგრაფიული სიუჟეტის კონტენტის ამონარიდი, რომელიც წარედგინება შსს-ს თანდართული წესით... კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სააფიშო სივრცეში საერთოდ არ იკითხება აფიშა“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ მისი მომხრეები მაქსიმალურად შეეცდებიან ფილმის ჩვენების ჩაშლას და ამისთვის არ გამორიცხავს, რომ სამართალდამცავებთან დაპირისპირებაც მოხდეს.
„ვაპირებთ, არაძალადობრივად, ხალხის ხელის დარტყმის გარეშე ჩავშალოთ ჩვენება“ - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.