TV-პირველში საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაუშვებელია - განცხადებას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს და თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც პროკურატურას ტელევიზიაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უფლება მისცა
DRI აღნიშნავს, რომ სახელმწიფოში არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად შეზღუდავს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებას.
შემაშფოთებელია გენერალური პროკურატურის მიერ TV პირველის ეთერში გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყება კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევის მუხლით და საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მაშინ როდესაც სრულიად უგულებელყოფილია გავრცელებულ ჩანაწერებში მაღალი პოლიტიკური გავლენის მქონე პირთა მიერ სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებები. რაც აღრმავებს საზოგადოებაში გაჩენილ ეჭვებს სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან შერჩევითი სამართლიანობის პრინციპით მოქმედების თაობაზე - ნათქვამია განცხადებაში