კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, ბავშვების გართობაზე ორიენტირებული ბიზნეს-სექტორი მომსახურების განახლებას ვერ შეძლებს. როგორც "ქენდის ლენდის" დამფუძნებელი, გიორგი ხარებაშვილი ამბობს, პანდემიის დროს ეს სექტორი ყველაზე მეტად დაზარალდა, ვინაიდან მათ სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღიათ.
"აბსოლუტურად ყველაფერი გაიხსნა და ჩვენ ისევ გვეუბნებიან, რომ არ ვიმუშაოთ. ძალიან ბევრ კარზე მივაკაკუნეთ, თხოვნით შევხვდით, პირად საუბრებში გვეუბნებიან, რომ იცით თქვენ მართლები ხართ, მაგრამ შედეგი არის, ის რომ დღეს კიდევ უმუშევრები ვართ,-თქვა გიორგი ხარებაშვილმა.
რეგულაციების მეტად შემსუბუქებას ითხოვენ ფიტნეს-ცენტრების წარმომადგენლები. ოკტოპუსის დამფუძნებელი, გიორგი ასათიანი ამბობს, რომ კომპანიები მძიმე სიტუაციაში არიან, ისინი ფინანსთა სამინისტროსგან საგადასახადო შეღავათების გაკეთებას ითხოვენ.
ამას გარდა, ასათიანის თქმით, ფიტნეს-ცენტრებს დამატებით ბარიერს უქმნის კომენდანტის საათი, რადგან მომხმარებლები ცენტრში სწორედ 21:00 საათის შემდეგ დადიან.
"მოლოდინები საკმაოდ პესიმისტურია, რადგან თითქმის ერთწლიანი დაკეტვის შემდეგ კომპანიები არიან წარმოუდგენლად მძიმე სიტუაციაში და ძალიან ძნელია, რომ ამ მდგომარეობას ჩვენი რესურსით გავუმკლავდეთ. ამიტომ კიდევ ერთხელ გვინდა მივმართოთ ფინანსთა სამინსიტროს მომდევნო კვირაში, რომ მოკლე ვადაში მაინც გაკეთდეს საგადასახადო შეღავათები.
რეალურად ჩვენი მომხმარებლები არიან დასაქმებულები, რომლებიც სამუშაო საათების შემდეგ სტუმრობენ ფიტნეს კლუბებს. შესაბამისად 21:00 საათზე, როდესაც კომენდანტის საათია, ბუნებრივია, ეს კიდევ დამატებითი წნეხი იქნება ჩვენი ბიზნესისთვის, რომ მომხმარებელთა რაოდენობა კიდევ შეგვიმცირდება",-თქვა გიორგი ასათიანმა.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს მიერ 24 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, დღეიდან, 13 მარტიდან, სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ. უკვე 15 მარტიდან კი, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებას სპორტული დარბაზები განაახლებენ.
სასწავლო პროცესი აღდგება აუდიტორიებში, განახლდება სასკოლო წრეებიც.
15 მარტიდან რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ თეატრები, სპორტული კლუბები და პროფესიული ანსამბლები, საქმიანობას კი, მაყურებლების დასწრებით, 1 აპრილიდან შეძლებენ.
ამ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე ძალაში რჩება კომენდანტის საათი. მოქალაქეებს მთავრობა 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებას უზღუდავს.