"ამ ეტაპზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს", - ეს განცხადება თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, მერიაში გამართულ ბრიფინგზე, ვაშლიჯვარში არსებულ მეწყრულ პროცესებზე საუბრისას გააკეთა.
ბენდელიანის განცხადებით, მეწყრული ზონის სამუშაო ჯგუფში, ჩართული ქართველი და გერმანელი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით პირველადი გეგმა დაიდო და ამ გეგმის მიხედვით ჩატარდება კონკრეტული სამუშაოები.
"პირველ რიგში ჩვენი ამოცანაა, ფერდს მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დაუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა. გავაკეთოთ დროებითი წინაღობა, რათა მეწყრის მოძრაობა შევამციროთ. ასევე მომავალი კვირის ბოლოს დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემები, რომელიც ოპერატიულად მოგვაწოდებს უახლეს ინფორმაციას. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავიწყოთ მეწყერული ფერდის გამაგრებითი სამუშაოები. რაც შეეხება, მოსახლეობის უსაფრთხოებას, ამ ეტაპზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს. მაგრამ თუ ეს საფრთხე იარსებებს დაუყოვნებლივ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული", - თქვა ბენდელიანმა.
ბენდელიანის თქმით, "ექსპერტების მიერ შედგენილია, რამდენიმე ტექნიკური დოკუმენტი, რომლის გათვალისწინებითაც ვაშლიჯვარში საფრთხე არ არის" და მერია "ყველა შესაძლო სცენარისთვის მზადაა".