ძამას ხეობიდან დევნილი მონაზონი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ რუის-ურბნისის ეპარქიის რამდენიმე მღვდელმსახური განსაკუთრებული კრიმინალური გავლენებით სარგებლობს. ეპარქიის ბერები ხშრად მოსახლეობასაც ემუქრებიან და აშანტაჟებენ. მონაზონი, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს, ამბობს, რომ სასულიერო პირების ნაწილი ხეობაში მღვდლისთვის შეუფერებელი ცხოვრებით ცხოვრობს და ეკლესიის რეპუტაციას ლახავს.
"მთავარ არხს" კიდევ ერთი ბერი დაუკავშირდა, რომელიც ახლა ეპარქიიდან შორს ცხოვრობს. ბერი ადასტურებს, რომ მიტროპოლიტ იობის საეპისკოპოსოში მღვდელმსახურები ზნეობრივ კანონს არღვევენ და გარყვნილი ცხოვრებით ცხოვრობენ.
ეპარქიის სამი სასულიერო პირი მეუფე იობის გარემოცვიდან განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობს. მათ შორის არის მღვდელმთავრის შვილობილი და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ყინწვისის ტაძრის წინამძღვარი მამა დავით აქიაშვილი.
მის სახელზე საჯარო რეესტრის ბაზაში დიდძალი ქონებაა რეგისტრირებული - მიწის ნაკვეთები და ტყის მასივი. ტყიდან გამოტანილ ხეს კი სოფლის ხის საამქროში ამუშავებენ და ყიდიან.
ხის საამქროს ადმინისტრაცია "მთავარ არხთან" ადასტურებს, რომ ტერიტორიის ნაწილი სასულიერო პირს ეკუთვნის, თუმცა შემთხვევით. მათი თქმით, 15 წლის წინ ფართი აზომვების დროს შეეშალათ, თუმცა რატომ ვერ გამიჯნეს მიწები 15 წლის განმავლობაში, საუბარი არ სურთ.
კიდევ ერთი მიწათმფლობელია არქიმანდრიტი საბა ჟღენტი. სწორედ მასზე თავდასხმაშია ბრალდებული მამა დავით აქიაშვილი. მამა საბა ტყის მასივების გარდა, ფლობს საძოვრების ნაწილს. ადგილობრივები ამბობენ რომ პირუტყვის გამოსაკვებად თანხის გადახდა უწევთ, ხშირად კი ტერიტორიაზე შესვლის უფლებას საერთოდ არ აძლევენ.
დიდძალი ქონების მფლობელია გიორგი კორინთელიც, იგივე მამა სტეფანე. მის საკუთრებაშია ყველაზე დიდი ტერიტორია - 916 ათასი კვ. მეტრის ფართობი ძამას ხეობაში, ასევე უძრავი ქონება ბათუმში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაირეგისტრირა. მამა სტეფანეს საკუთრებაშია თხების ფარაც.
თავად ეპარქიის წინამძღვარი მეუფე იობი დღეს არსად გამოჩენილა. ყინწვისის ინციდენტის შემდეგ ის ტელეკამერებს ემალება.