სასულიერო პირებს შორის, მიწის გამო დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა - ძამას ხეობაში, მამები ერთმანეთს სასტიკად გაუსწორდნენ.
ვითარება ხეობაში გუშინ, 31 მარტს საღამოს დაიძაბა, შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა და დაიჭრა რამდენიმე პირი. ფაქტის ამსახველი ვიდეო კი "მთავარმა" ექსკლუზიურად მოიპოვა.
დაპირისპირების მიზეზი მიწაა, სადაც დგას სახლი, რომელშიც მღვდელი პაესი ცხოვრობს. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა, ის ძალადობისთვისაა ნასამართლევი. მღვდელ პაეს ცოტა ხნის წინ შატბერის მონასტრის წინამძღვარმა, მამა დამიანემ მოსთხოვა, რომ მონასტერი დატოვეს, რადგან ის საეკლესიო წესებს არ ემორჩილებოდა. ამაზე ბერმა პაესმა უარი განაცხადა, კონფლიქტის დროს 2 მათგანი დაშავდა.
ფაქტის ამსახველი ვიდეო "მთავარ არხის" მონასტრიდან წყარომ მიაწოდა.
"არ ყოფილა [ფიზიკური დაპირისპირება] არაფერ მიწასთან არ არის, მამა პაესს აქ არაფერი მიწა არ ეკუთვნის. დაპირისპირება არ ყოფილა, არ ემორჩილება მონასტრის წეს-განგებას, არ დადის ლოცვებზე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავატოვებინო მონასტერი. აქ მიწასთან დაკავშირებით არანაირი დავა არ არის", - თქვა მამა დამიანემ.
"მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას მამა პაისმა ჩვენ ჟურნალისტსა და ტელევიზიას შეურაცხყოფა მიაყენა:
"მთავარი არხის" ჟურნალისტები ხართ თქვენ პატრიარქის წინააღმდეგ არხი, დედა ეკლესიის წინააღმდეგ, თქვენ ხართ ჯამბაზები, გადაცმული კლოუნები, ნაცსექტა, რომლებიც ეწინააღმდეგებით ქრისტიანობას", - თქვა ბერმა პაესმა
მომხდარი ინციდენტის შემდეგ სასულიერო პირებს საგამოძიებო უწყებისთვის ან სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავთ. წყარო "მთავარ არხთან" ამბობს, რომ დღეს ხეობაში მოვლენების კიდევ უფრო მძიმე განვითარებას ელოდებიან.