დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა მაჭავარიანის ქუჩაზე განვითარებული მეწყრული პროცესებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შაუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
მათი დასკვნით, მაჭავარიანის ქუჩის ბლოკური მეწყერი დინამიკაშია და მისი სხეული ინტენსიურ დეფორმაციას განიცდის.
- "მეწყრის გამომწვევი მიზეზებია: მაჭავარიანის ქუჩაზე წარმოებული გზის გაფართოება-გაყვანის და წყალსადენის მილების რეაბილიტაციის დროს წარმოებული სამუშაოები ( ფერდის გამოფიტვა)
- მაჭავარიანის ბლოკური მეწყრის სხეული განიცდის ინტენსიურ დეფორმაციას. დაძაბულობის სრული ველის შესაფასებლად აუცილებელია აპარატურა, რომელიც დაკვირვების რეზოლუციას გაზრდის.
- მეწყრის სხეული დანაწევრებული და არაერთგვაროვანია, შესაბამისად, მოწყვეტის შემთხვევაში დიდი ალბათობაა არაერთგვაროვანი და დანაწევრებული მასა დაიძრას. გეოფიზიკურ პროფილებზე ცხადად დაიკვირვება შესაძლო მოწყვეტის ზედაპირები.
- მეწყრის მოწყვეტის ფაზის შესაძლო იდენტიფიკაციისთვის საჭიროა სპეციალური აპარატურა, რომელიც მაღალი სიზუსტით მოგვცემს საშუალებას განვსაზღვროთ სხეულის გადაადგილება, სიჩქარე და აჩქარება", - წერია შუალედურ ანგარიშში.
ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ მეწყრის დაძვრის შემთხვევაში აუცილებელია განიხილონ ყველა შესაძლო ექსტრემალური სცენარი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის:
"სრულყოფილი მონიტორინგისთვის აუცილებელია მეწყრის პერიმეტრის რეგულარული დაცვა, ზედმეტი ვიბრაციის, ფერდის დატვირთვის თავიდან ასაცილებლად და ფონური ხმაურის დასაწევად", - აღნიშნულია ანგარიშში.
ცენტრი აცხადებს, რომ მციერეა ალბათობა იმისა, რომ დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს, მიუხედავად ამისა, მცირე ალბათობაც გასათვალისწინებელია.
"ვინაიდან მეწყრის გავრცელების არეალის ზუსტი პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია, აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე დროებით გადაყვანა".
ცენტრი მეწყრული პროცესების მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.
ანაგრიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.