ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა ეპისკოპოსმა, მეუფე პეტრე ცაავამ, მრევლის ნაწილთან ერთად საპატრიარქოსთან აქცია-მსვლელობა გამართა. ისინი პატრიარქთან შეხვედრას ითხოვდნენ.
პეტრე ცაავას განცხადებით, ერმა უნდა გაიგოს, რომ ჭყონდიდის ეპარქიის თუ ზოგადად ეკლესიაში არსებული პრობლემების უკან ილია მეორე დგას.
მეუფე პეტრეს მედიასთან არ დაუკონკრეტებია რა კითხვების დასმა სურდა პატრიარქისთვის.
"ჩვენ ვიცით რაც ხდება საქართველოს ეკლესიაში, ჩვენ ვიცით ყველამ რაც ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში, რომ იქ ამაოხრებელი მიავლინეს, კანონის სრული დარღვევით ადამიანი თავზეა გასული, და თურმე ემოციურ ფონზე შეუძლია ყველაფრის უფლება მისცეს საკუთარ თავს. ამ დროს მღვდელ-მონაზონ ანდრიას იბარებენ რაღაც არაკორექტული თურმე გამონათქვამების გამო, ამიტომ, მრევლმა და ერმა რომ გაიგოს საბაბი, თავი ამ უკეთურებისა რაც ქართველ ერში არის ეს გამოჩნდა 2017 წლიდან ციანიდის საქმით, ერმა უნდა გაიგოს, რომ პატრიარქის პირადი პატიმარია დეკანოზი გიორგი მამალაძე, ერმა უნდა გაიგოს, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში თუ ზოგადად ეკლესიაში არსებული პრობლემების უკან დგას პატრიარქი მისი ე.წ. საპატრიარქოს თანამშრომლებით", - თქვა მეუფე პეტრე ცაავამ.
მისი განცხადებით, პატრიარქმა 9 აპრილის უბედურება ვერ მოიგერია, რადგან "გაიპარა", მაგრამ დღეს იგივეს გაკეთების საშუალებას არ მისცემენ. ჭყონდიდის ეპარქიის მრევლთან ერთად აქციაზე იმყოფებოდნენ მამა ანდრია სარია, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები.