პოლიციამ ადგილობრივებს გზა გადაუკეტა - ნამახვანში ჰესის მშენებლობის სამუშაოები განახლდა

გამოქვეყნდა:

დაპირისპირებაა რიონის ხეობაში სადაც "ნამახვან ჰესის" კასკადების მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა. ნამახვანსა და მის მიმდებარედ პოლიციელების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ნამახვანისკენ მიმავალი გზა ორივე მხრიდან პოლიციამ გადაკეტა და ჰესის მშენებლობის ადგილზე ადგილობრივებს არ უშვებს.

რიონის ხეობაში დღეს ჩავიდა კომპანია "ენკას" ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე, რომელსაც ადგილობრივები შეძახლიებით "წადი! მონა!" - დახვდნენ.

"პოლიციის ძალით უნდათ უკანონობა დააკანონონ, რომელსაც ამდენი ხანია ვაპროტესტებთ. პოლიცია ამბობს დაგვავალეს არ გაგიშვათო, იმიტომ, რომ არ დაიცვათ თქვენი მიწაო", - ამბობს ადგილობრივი. 

ადგილზე იმყოფებოდა იმერეთის რეგიონის სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მადონა ბასილაძე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გაიგონ კონკრეტული გარემოებები, რის გამოც მოქალაქეებს გადაადგილება ეზღუდებათ. 

რიონის ხეობის მცველების ნაწილი სამშენებლო სამუშაოების ადგილზე რჩება. 

"არ დავიხევთ უკან, რადგან ჩვენსკენ არის სიმართელე, ჩვენ მიწას, რომელზეც კაშხლის აშენება უნდათ, არ დავთმობთ", - თქვა აქტივისტმა, ნუგზარ კოდელაძემ.

იმერეთში პროტესტის ორი ეპიცენტრი გუმათი და ნამახვანი რჩება. არცერთი მხარე დათმობას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ "რიონის ხეობის მცველები" ჰესის მშენებლობას უკვე 160 დღეა აპროტესტებენ და ადგილზე ღამეს კარავში ათენებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი