უწყვეტი პროტესტის 161-ე ღამე რიონის ხეობის მცველებმა გუმათის დასახლებაში გაატარეს. ეს ნამახვან ჰესის მოწინააღმდეგეებისთვის პროტესტის ახალი ადგილია მას შემდეგ გახდა, რაც პოლიციამ სოფლამდე მისასვლელი გზა გადაკეტა. სამართალდამცველები მესამე დღეა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ადგილზე შესვლის უფლებას აღარ აძლევენ.
რიონის ხეობის მცველი, მარიტა მუსელიანი ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან დაწესებული შეზღუდვებით, პრობლემა არა მხოლოდ აქტივისტებს, არამედ მოსახლეობასაც ექმნება.
"ფაქტია არის მძიმე. გადაადგილების უფლების შეზღუდვა არა მარტო ჩვენთვის ხდება, მოსახლეობასაც ექმნება სერიოზული პრობლემები და ეს არაფერში აღარ წერია.
რანაირად შეიძლება ამ პროცესის გამართლება, ან რა უნდა თქვან საერთოდ. არც არაფერს ამბობენ, ეს უკვე ახალი ფაზაა ჩვენს ურთიერთობებში. ესე შეუზღუდო ადამიანს მისი კონსტიტუციური უფლება, პროტესტის გამოხატვის და გადაადგილების, შორდება ყველა გონივრულ საზღვარს და დარღვევების ახალი სტადიაა", - თქვა მარიტა მუსელიანმა.
როგორც მარიტა მუსელიანი ამბობს, აქტივისტების ნაწილი კვლავ იმ ტერიტორიაზე რჩება, სადაც მშენებლობის არეალია. მისივე თქმით, მიუხედავად შეზღუდვებისა, აქტივისტები პროტესტს მაინც გააგრძელებენ.
"ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. კი არ გადმოვიტანეთ ეს კარავი, უბრალოდ დავამატეთ. ეპიცენტრი რჩება მაინც იქ, სადაც სამშენებლო არეალია. ჩვენი ჯგუფი იქ დგას, აქ დაგვემატნენ ახალი ადამიანები. მეორე კერა გაკეთდა. ჩვენთვის ახალი შედეგია, მაინც და მაინც ბევრიც არაფერი დაგვიკარგავს. რაღაცნაირად მაინც მოვახერხებთ პროტესტის გაგრძელებას მიუხედავად შეზღუდვებისა",- თქვა მან.
ამავე თემაზე: