"არ უნდა დავუშვათ, რომ ეკლესია გაიხლიჩოს, არ უნდა დავუშვათ იმის პრეცენდენტი, რომ გაჩნდეს პარალელურად მიმდინარეობები", - ასეთი სიტყვები თქვა, დღევანდელი ქადაგებისას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა [ბერბიჭაშვილი]. მისი თქმით, ეკლესიაში მიმდინარეობს პროცესები, რომელსაც კანონიკურ სივრცეში დაბრუნება სჭირდება.
მეუფე გრიგოლმა ჭყონდიდში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და ეპარქიის მაგალითზე თქვა, რომ ეკლესიაში მძიმე სიტუაციაა.
"ეს პრობლემა და მისი ფესვები ბევრად უფრო ფართომასშტაბიანია, ვიდრე ერთი ეპარქიის საზღვრებმა შეიძლება დაიტიოს. ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, როგორც საერთოდ ცოდვების მიმართ წაყრუება არის ძალიან დიდი რისკების შემცველი საეკლესიო ცხოვრებაში ასევე სადამსჯელო ღონისძიებების იმედად ყოფნა, არანაკლები სიმძიმეების მომტანი და საფრთხის შემცველია ეკლესიისთვის. არ უნდა დავუშვათ, რომ ეკლესია გაიხლიჩოს, არ უნდა დავუშვათ იმის პრეცენდენტი, რომ გაჩნდეს პარალელურად მიმდინარეობები, სადაც ჩვენ დავინახავთ იერარქიებს, რომელსაც შემდეგ გინდა კანონიერი დაარქვი, გინდა უკანონო. ჩვენ საქმე გვაქვს ჩვენ სულიერ შვილებთა, ჩვენ ძმებთან და დებთან. მე ვფიქრობ, რომ დღეს ის პროცესი მიმდინარეობს, რასაც კანონიკურ სივრცეში სჭირდება დაბრუნება", - ამბობს მეუფე გრიგოლი.
მეუფე გრიგოლი, ყველას ლოცვისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ლოცვაა საჭირო იმისთვის, რომ ეკლესია დამშვიდდეს. მისივე თქმით, საქართველოს სამოციქულო ეკლესია საშინელი საფრთხის წინაშე დგას.
"მე გთხოვთ ყველას, რომ ვილოცოთ, ვილოცოთ, რომ ეკლესია დამშვიდდეს. ვილოცოთ ამ სიმშვიდემ ჩვენ მოგვიტანოს ერთობა და სულიერი ძალები შეგვმატოს, არ დაგვაშოროს, არ დაგვათითოკაცოს. ისედაც ვხედავთ რა მდგომარეობაშია ჩვენი სახელმწიფო. რამდენს გაუძლებს ჩვენი ქვეყანა და ხალხი ძნელი სათქმელია, ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. საფრთხის წინაშე დგას ის მონაპოვარი, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს თითოეული ჩვენი თანამოქალაქე, თითოეული ადამიანი, ჩვენი სახელმწიფო. ღმერთმა აგვარიდოს ის საშინელი, უმძიმესი შედეგები, რომლის საფრთხის წინაშე დგას დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესია და ჩვენი ერთობა", - თქვა მეუფემ.