ენგურში გარდაცვლილი ერთი მოქალაქის გალში გადასვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გამოქვეყნდა:

გუშინ, 7 აპრილს მდინარე ენგურზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი ერთი პირის გალში გადასვენება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

დღეს, დილის 5 საათიდან ოჯახის წევრები ცხედარს ენგურის ხიდზე ელოდებოდნენ, თუმცა იმის გამო, რომ რუსმა ოკუპანტებმა რუსულად დამოწმებული გარდაცვალების ცნობა მოითხოვეს, ცხედრის გადასვენება ვერ მოხერხდა.

დაახლოებით 7-საათიანი ლოდინის შემდეგ, ცნობა რამდენიმე წუთის წინ გაიცა. ოჯახი ელოდება, როდის გამოუყოფს მათ აფხაზური მხარე სასწრაფო დამხარების მანქანას, რომლითაც ცხედარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნდა გადაასვენონ. ოკუპანტებმა საქართველოს სასწრაფო დახმარების მანქანა აფხაზეთში არ გაუშვეს.

ზუგდიდში, ნათესავები, სადაც ამ წუთებში ცხედარი იმყოფება, აცხადებენ რომ ცხედარს სპეციფიკური მოვლა სჭირდება. ისინი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ გადასვენების პროცესში ჩაერთონ და ოჯახს დახმარება გაუწიონ. 

გუშინ, მდინარე ენგურში გალიდან წამოსული 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის ფეხით გავლით ცდილობდნენ, რათა ოკუპანტებისთვის თავი აერიდებინათ.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით დაიწყო.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი