"სამშობლო ჩემი გულია" - აზერბაიჯანელების სკანდალური წარწერა უდაბნოს მონასტერზე

გამოქვეყნდა:

"სამშობლო ჩემი გულია" - ამ შინაარსის წარწერა აზერბაიჯანულ ენაზე გაკეთდა დღეს მეზობელი აზერბაიჯანელების მხრიდან უდაბნოს მონასტრიდან რამდენიმე მეტრში. ოფიციალური ბაქოს მხრიდან ეს ქმედება სადავო ტერიტორიაზე საკუთარი სუვერენიტეტის გამოცხადებაა. თბილისი კი დუმილის რეჟიმში ყოფნას განაგრძობს.

ქართველმა სასულიერო პირებმა და ასევე, მესაზღვრეებმა აზერბაიჯანული წარწერის შესახებ დღემდე არაფერი იცოდნენ. ფაქტის შესახებ ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც "მთავარმა არხმა" ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის მიერ გადაღებული კადრები გაასაჯაროვა, რომლებშიც წარწერა მკაფიოდ ჩანს.

სკანდალური წარწერა უდაბნოს მონასტრის ფერდზე აზერბაიჯანულმა მხარემ რამდენიმე კვირის წინ გააკეთა, ქართული მხარე კი მეზობელი მესაზღვრეების ქმედებას ამ დრომდე მალავდა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ფაქტი უძველეს მონასტერზე აეროკამერით მონიტორინგის დროს შეამჩნიეს. დავით ქაცარავა ამბობს, რომ ხელისუფლება ქვეყნის ისტორიულ უძველეს მიწებს, იქ ისტორიული კომპლექსით, მიზანმიმართულად თმობს.  

ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ გუგლის რუკაზე ცვლილება, რომელიც აზერბაიჯანული მხარის სასარგებლოდ გაკეთდა. ასევე მათ მხარეს აღმოჩნდა გზის 164 მეტრიანი მონაკვეთი. ეს მოწმობს, რომ მიმდინარეობს რაღაც ქმედებები, რომელიც არის მკაცრად გასაიდუმლოებული. ჩვენი ხელისუფლება კი მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება, - ამბობს დავით ქაცარავა. 

კომენტარს არ აკეთებს გარეჯის ლავრის წინამძღვარიც. არქიმანდირიტ ილარიონი მკაცრად არის გაფრთხილებული, რომ სადაო თემაზე არ ილაპარაკოს. 

უძველესი უდაბნოს მონასტერი, აღდგომის ტაძარი და ჩიჩხიტურის კოშკი ახლა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კონტროლის ზონაა. სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ვითარებას ქართველი მესაზღვრეებიც აკონტროლებენ, თუმცა კადრებში კარგად ჩანს, რომ ქართულ სამონასტრო კომპლექსზე მეზობელ სახელმწიფოს დიდი გეგმები აქვს. რამდენიმე მეტრში მათ უკვე ააშენეს სამხედრო ბაზა და მონასტერთან მისასვლელი გზა.

ვის მხარეს დარჩება ქართული უძველესი ისტორია სადემარკაციო კომისიამ უნდა დაადგინოს. საკითხზე პასუხი საგარეო უწყებას ჯერ არ აქვს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი