ონკოლოგიური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს პერსონალი 10 თვეა უხელფასოდ მუშაობს

გამოქვეყნდა:

სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი საავადმყოფოების მედპერსონალი ეპიდემიის პირობებშიც უხელფასოდ მუშაობს. უკვე თვეებია  ონკოლოგიური და  ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოების თანამშრომლები ყოველთვიური ანაზრაურების მხოლოდ ნაწილს და ისიც დაგვიანებით იღებენ. მედპერსონალის მდგომარეობა არც მას შემდეგ შეცვლილა, რაც საპარტნიორო ფონდიდან საავადმყოფოები სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა და ჰოლდინგში გაერთიანდა - მეტიც, მას შემდეგ რაც მედიკოსებმა ღიად დაიწყეს პრობლემებზე საუბარი, მათ  მკაცრი გაფრთხილება მიიღეს, რომ თვეობით დაგვიანებული ანაზღაურების შესახებ მედიასთან არაფერი ეთქვათ.

უკვე ათი თვეა თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმები და  ექთნები კუთვნილ ხელფასებს  ვერ იღებენ. ჯანდაცვის სამინისტროში არაერთი შეხვედრის მიუხედავად, ათობით მედიკოსს ხელფასის  მესამედზე უწევს მუშაობა. 

საშინელი მდგომარეობაა. ათი თვის დავალიანება აქვს ცენტრს თითოეული თანამშრომლის და ამაზე პასუხი არ არსებობს. მოვითხოვთ კატეგორიულად, რაც ვიმუშავეთ, აგვინაზღაურონ. მე ვარ სხივური თერაპიის ფიზიკოსი, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ჯანმრთელობის ფასად უჯდება სამსახურში ყოფნა, - ამბობს ონკოლოგიური საავადმყოფოს ექთანი ლია ცინცაძე. 

დღეს  საავადმყოფოს თანამშრომლები სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა გიორგი ჩოგოვაძე  მათთან გაურკვეველი მიზეზით არ მივიდა. ექიმები ამბობენ, რომ  სახელმწიფოს  ჩართულობის გარეშე  კლინიკის მენეჯმენტი პრობლემის მოგვარებას  ვერ შეძლებს, ამიტომ ჯანდაცვის  სამინისტროსგან მეტ ყურადღებას ითხოვენ.

ბავშვთა  ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებიც ხელფასს ოთხი თვის  დაგვიანებით იღებენ. ამ საკითხზე  მედიასთან საუბრის შემდეგ,  მედიკოსებმა , სავარაუდოდ, მკაცრი გაფრთხილება მიიღეს, არ ესაუბრათ უხელფასობაზე, ამიტომ დღეს კლინიკაში მისულ  "მთავარი არხის" ჯგუფს ექიმებმა მხოლოდ ის უთხრეს, რომ შექმნილი სიტყუაციის გამო მაინც კმაყოფილები არიან და არ ნერვიულობენ. საავადმყოფოს დირექტორი მამუკა მაჭავარიანი კი  ჩვენს ზარებს მთელი დღის  განმავლობაში არ პასუხობდა.

ჯანდაცვის  ექსპერტები  პასუხისმგებლობას პირადად ეკატერინე ტიკარაძესა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორს გიორგი ჩოგოვაძეს აკისრებენ. კლინიკები, რომლებიც საპარტნიორო ფონდს ეკუთვნოდა, რამდენიმე თვის წინ სახელმწიფოს გადაეცა. პრობლემების მოსაგვარებლად  შექმნილმა ჰოლდინგმა კი ექვსი თვის  განმავლობაში ვერაფერი შეძლო.

ექვსი თვე გავიდა სახელმწიფო ჰოლდინგის არსებობიდან და მისმა ხელმძღვანელობამ პრობლემების არსებობის შესახებაც კი არ იცის. ეს დრო საკმარისზე მეტი იყო, არათუ პრობლემებში გარკვეულიყვნენ, არამედ დაეწყოთ მათი მოგვარება, - ამბობს ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე.   

ექიმები ხელფასს  ვერ იღებენ, თუმცა მუშაობას აგრძელებენ. ჯანდაცვის სამინისტრო კი ამ დრომდე  არ პასუხობს კითხვას რას უპირებენ ექიმებს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი