სამართალდამცველებმა რიონის ხეობის მცველების კარვები დაჭრეს და დაშალეს. აქტივისტებს კი საკვები პროდუქტები გადაუყარეს.
ტერიტორიაზე ამ დროისათვის კომპანია "ენკას" ტრაქტორი მუშაობს, რომელმაც კარვების ადგილი გადახნა.
სამართალდამცველების განმარტებით, კარვები ხალხის უსაფრთხოებისთვის, სხვა ადგილზე გადატანის მიზნით აიღეს, რადგან რიონის წყლის დონე მატულობდა.
ამ ვერსიის არ სჯერათ აქტივისტებს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება ცდილობს, მათ ხელი შეუშალოს. ცოტა ხნის წინ ადგილზე მძიმე ტექნიკაც შეიყვანეს.
გუშინდელი მოვლენების შემდეგ, რიონის ხეობის მცველების ნაწილმა ნამოხვანიდან გუმათში გადაინაცვლა. მათი თქმით, მიუხედავად შეზღუდვებისა პროტესტი გაგრძელდება.
"ყველაზე ამაზრზენი, რაც იყო ამ პროცესებში, ვიღებდით თან ლაივს და უცებ შევნიშნეთ, რომ იმ კარავიდან, რომელიც სამზარეულოდ გვქონდა, გამოიტანეს მაგიდა, რომელზეც არყის ბოთლები და ჭიქები ეწყო. წამლის ჩადების და იარაღის ჩადების შემდეგ პოლიციამ დაიწყო სასმლის ჩადება და ეს იყო სასაცილოც, მაგრამ ძალიან ამაზრზენი საყურებელი",-თქვა რიონის ხეობის მცველმა.
პროტესტის პარალელურად, რიონის მდინარეში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უკვე მეორე დღეა 30 წლის კაცს ეძებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გუმათში სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი, რიონის ხეობის მცველები, რომლებიც 170-ე დღეა ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ მხარდამჭერებს მოუწოდებენ, რომ ჩავიდნენ და ადგილობრივებს მხარდაჭერა გამოუცხადონ.