ნამახვანჰესი უკიდურესი დაპირისპირების ეპიცენტრი ხდება. ხალხი პოლიციის წინააღმდეგ - დღეს მთელი დღის განმავლობაში რიონის მცველები, რომლებიც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებენ, სამართალდამცველების პიკეტების დაძლევასა და გუმათიდან სოფელ ნამოხვანში დაბრუნებას ცდილობდნენ. სამოქალაქო პროტესტი უკიდურეს ზომამდე თავად პოლიციის ქმედებებმა გაამწვავა მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ღამით, პროტესტის მონაწილეების სიმცირით ისარგებლეს და კარვების ქალაქი დაშალეს.
რამდენიმე შეტაკების, ხანგრძლივი დაპირისპირებისა და ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელისგან დაუფარავი მუქარის მიუხედავად, რიონის ხეობის მცველებმა დღის ბოლოს ქუთისისკენ გამგზავრება გადაწყვიტეს.
გაბმული სიგნალებით ათობით ავტომობილისგან შემდგარმა კოლონამ მთელი ქალაქი შემოიარა, ბოლოს პროტესტის მონაწილეები ქუთაისის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელია - სახალხო პროტესტის მონაწილეები ნამახვან ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითოვენ.