საზოგადოების ნაწილი მთაწმინდიდან სტალინის დედის გადასვენებას ითხოვს - 5 პუნქტიანი ინიციატივა

გამოქვეყნდა:

კეკე ჯუღაშვილი, სტალინის დედა მთაწმინდის პანთეონში, ვაჟა - ფშაველას გვერდითაა დაკრძალული. აქ რომ მისი ადგილი არ არის, ამაზე ხშირად საუბრობენ, მაგრამ ფაქტია რომ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საბჭოთა ბელადის დედის საფლავზე ყვავილები დღემდე მიაქვთ.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი თვლის, რომ ორი გზა არსებობს: ერთი და მარტივია სტალინის დედის ნეშტის გადასვენება, მეორე კი ადგილზევე წარმოდგენილი იყოს რეალური ინფორმაცია - საბჭოთა ტოტალიტარიზმის შესახებ. 

კეკე ჯუღაშვილის გადმოსვენებას რომ არ დაუშვებს, უკვე ღიად ამბობს საზოგადოება სტალინელის თავმჯდომარე. გრიშა ონიანისთვის საბჭოთა ბელადის დედის ნეშტის ხელყოფა მიუღებელია. 

სტალინის დედის ნეშტის ჩამოსვენება მთაწმინდის პანთეონიდან იმ 5 პუნქტიანი მოთხოვნის ნაწილია, რომელიც საზოგადოებრივმა გაერთიანება "ეროვნულმა იმპერატივმა" შეიმუშავა და დღეს მთავრობის კანცელარიაში ჩააბარა. 

ორგანიზაციის წევრები ასევე მოითხოვენ რომ მთელი საქართველოს მასშტაბით დასახლებულ პუნქტებს, სოფლებს თუ ქუჩებს - საბჭოთა დასახელებები შეეცვალოს, ასევე საჯარო სივრცეები გაიწმინდოს საბჭოთა ბელადების სკულპტურების და სიმბოლიკისგან.

კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნაა რომ გორში სტალინის მუზეუმის სახელწოდება "საბჭოთა ტოტალიტარიზმის მუზეუმით" შეიცვალოს და შესაბამისი კონცეფციის მატარებელიც გახდეს. და ბოლოს საქართველოში რუსული იმპერიალიზმის მიერ რელიგიური ჩაგვრისა და შევიწროების მუზეუმი შეიქმნას. 

ამჯერად საზოგადოებრივი გაერთიანება "ეროვნული იმპერატივი" 5 პუნქტიან ინიციატივაზე საქართველოს მთავრობის მეთაურის რეაგირებას ელოდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი