მედიკამენტები საქართველოში სულ უფრო მიუწვდომელი ხდება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში პრეპარატები კიდევ 10 პროცენტით გაძვირდა, მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი წამლები, რომლითაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სარგებლობს.
შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაში გაღატაკებული ხალხი ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ვერ ყიდულობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამლებს ან მძიმე არჩევანის წინაშე დგას - ჯანმრთელობა თუ უარი საკვებზე და გარანტირებული შიმშილი.
წამლების დიდ ნაწილს სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ვეღარ ყიდულობს, მედიკამენტები კიდევ გაძვირდა. წამლების შესაძენად მისული პენსიონერების ნაწილი დღეს სიძვირის გამო აფთიაქებიდან ხელცარიელი გამობრუნდა.
ექსპერტები ამბობენ, რომ წამლების ბაზარზე უმძიმესი მდგომარეობაა, მოსახლეობის დიდი ნაწილი უარს ვერ ამბობს გადაიხადოს გაზრდილი ფასი, რადგან საქმე მათ სიცოცხლეს ეხება.
მედიკამენტებზე ფასების ზრდის მიზეზად კარტელურ გარიგებებს ასახელებს ექსპერტების კიდევ ერთი ნაწილი. მათი თქმით, ქართულ ბაზარზე დაბალხარისხიანი მედიკამენტები ძვირად ისე იყიდება, ქვეყანაში ხარისხს არავინ ამოწმებს.
მედიკამენტებზე ფასები რომ ყოველდღიურად იზრდება, მთავარ დანაშაულად ოპოზიციაში მთავრობის პოლიტიკას ასახელებენ.
მედიკამენტებს ფასი ლარის კურსზეა მიბმული, თუმცა ხშირად წამლებს უფრო მეტად აძვირებენ, ვიდრე ლარი უფასურდება. წამლების გაძვირების ახალ ტალღას ახალი წლიდან ელოდებიან.